სოხუმში იმედოვნებენ, რომ ძალის გამოუყენებლობაზე მხარეები ზეპირ განცხადებას მიიღებენ

დღეს, 9 მარტს, სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ავრცელებს.

მსგავსი მოსამზადებელი შეხვედრები ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდამდე იმართება ხოლმე. მორიგი შეხვედრა ჟენევაში 2018 წლის 26-29 მარტს უნდა გაიმართოს.

“ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ. ვფიქრობ, თქვენი აქტიური მონაწილეობით ამ მიმართულებით პროგრესს მივაღწევთ”,- განაცხადა შეხვედრაზე დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

შეხვედრა სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი