მინისტრი – საქველმოქმედი სსიპ-ები და ააიპ-ები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

2019 წლიდან საქველმოქმედი  სსიპ-ები და ააიპ-ები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება ე.წ ესტონური მოდელით მოხდება.

“ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სსიპ-ებსა და ააიპ-ებს, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა ე.წ ესტონურ მოდელზე გადავა. ანუ ისინი შეძლებენ განთავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების გასაკეთებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მთავრობა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავეთებს ითვალისწინებს. დაგეგმილი ცვლილებებით, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-ის ნაცვლად 1% იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.