ახალი ამბები

სანაიას მკვლელობის ახალი დეტალები : რუსთავი 2 პატიმრის მონათხრობს ავრცელებს

18 თებერვალი, 2018 • 3761
სანაიას მკვლელობის ახალი დეტალები : რუსთავი 2 პატიმრის მონათხრობს ავრცელებს

“რუსთავი 2”  2001 წელს მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმრის მონათხრობს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მკვლელობა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა.

“რუსთავი 2” აცხადებს, რომ ციხიდან დაუკავშირდა პატიმარი კონსტანტინე ციხისთავი, რომელმაც უთხრა, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოს მთავრობაში დაიგეგმა და დანაშაული სანაიას მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული  გრიგოლ ხურცილავას არ ჩაუდენია.

რუსთავი 2-ის გავრცელებული ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახალ დეტალების საფუძველზე გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს.


ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას  სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა  13 წლის ვადით 2003 წელს მიუსაჯა.

civil.ge -ს ცნობით, სასამართლომ მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. მხედველობაში არ იქნა მიღებული ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებულება სულიერი აღელვების ნიადაგზე მკვლელობის აფექტის მდგომარეობაში ჩადენის თაობაზე, რასაც ბრალდებულის მხარე გარდაცვლილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობით ხსნიდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მკვლელობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი, რასაც მკვლელობის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში დეპუტატი ელენე თევდორაძე ამტკიცებდა, თითქოსდა მის მიერ სანაისათვის გადაცემულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა ნარკომაფიასთან კავშირის დამამტკიცებელი მაკომპრომენტირებელი კადრები იყო ასახული.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი