ახალი ამბები

ზალკალიანი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის შემოდგომამდე მოეწერება

9 სექტემბერი, 2013 • 1000
ზალკალიანი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის შემოდგომამდე მოეწერება

“პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ამცნო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის შემოდგომამდე ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, უკრაინას 2 წლის მანძილზე დასჭირდა ლოდინი პარაფირებიდან ხელმოწერამდე”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

“ჩვენ ამ კუთხით ჩვენი ვალდებულებების შესრულება დავასრულეთ, როცა დასრულდა მოლაპარაკებები ასოცირებაზე. დანარჩენი უკვე ევროკავშირზეა დამოკიდებული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ გარკვეული ღონისძიებები და ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ეს პროცესები მალე დასრულდება. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა შემოდგომამდე მოხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არის მზაობა, განსხვავებით უკრაინის შემთხვევისგან”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა გაზაფხულისთვის მოხდება. ამასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული ვადები უცნობია, შესაძლოა, ეს იყოს გაზაფხული, მთავარია, რომ ხელმოწერა უნდა მოხდეს შემოდგომამდე.

 

მისივე თქმით, პარაფირების შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავარაუდოდ ევროკომისიის მანდატის ამოწურვამდე მოხდება.

 

მოქმედი ევროკომისია 2010 წელს დაამტკიცა ევროპარლამენტმა, კომისიას 5- წლიანი მანდატი აქვს და უფლებამოსილება 2014 წლის 31 ოქტომბერს ეწურება

მასალების გადაბეჭდვის წესი