ახალი ამბებიეკონომიკა

ბადაგონის საქმე – ამჟამინდელ მფლობელს წილის მითვისებაში ადანაშაულებენ

9 თებერვალი, 2018 • 4928
ბადაგონის საქმე – ამჟამინდელ მფლობელს წილის მითვისებაში ადანაშაულებენ

“ბადაგონში”, რომლის წილების საქმეზეც გამოძიება მიმდინარეობს, საწარმოო პროცესი შეჩერებულია.  რას ედავება კომპანიას ყოფილი მფლობელი და მიითვისა თუ არა წილები “ბადაგონის” ამჟამინდელმა მფლობელმა?

რას იძიებს გამოძიება

7 თებერვალს კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ინფორმაციით, “ბადაგონთან” დაკავშირებით დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების საქმეზე გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო.

გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის” განცხადების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[red_box]რას ედავება “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი”  ბადაგონს[/red_box]

ღვინის მწარმოებელი კომპანია “შპს ბადაგონი” 2006 წელს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის თანახმად,  2010 წელს “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი” კომპანიაში 79%-ს ფლობდა,  მომდევნო წელს კი “შპს ბადაგონის” 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

“გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი” კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წარმომადგენელი ვლადიმერ ჯანჯღავა რუსეთის მოქალაქეა. კომპანია, სავარაუდოდ, ჯანჯღავას სიმამრს ეკუთვნის.

“ბადაგონის” ამჟამინდელ მფლობელ გიორგი სალაყაიას სწორედ ეს კომპანია ადანაშაულებს წილის მითვისებაში. სალაყაია 2013 წელს გახდა “ბადაგონის” 40%-ის მფლობელი. ამ დროს  60%-ს ისევ “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი” ფლობდა.

2015 წელს “ბადაგონის” 100%-იანი წილის მესაკუთრე გიორგი სალაყაია გახდა.

“გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის” ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ  ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განცხადებით 2017 წლის ნოემბერში მიმართეს.

კომპანია “ბადაგონის”  ადვოკატის, იმედა დვალიძის თქმით, ვლადიმერ ჯანჯღავა გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხეს. ამის შესახებ ადვოკატმა 9  თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადოკატით თქმით,  ვლადიმერ ჯანჯღავამ “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის”   მეშვეობით “ბადაგონში” 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა შემდეგ ფინანსური პრობლემი ჰქონდა, რის გამოც კომპანიის წილი სალაყაიას გადაუფორმა.

“გარკვეულ პერიოდში ჯანჯღავას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და დაფინანსება ვეღარ მოახერხა. კომპანიას სჭირდებოდა შენახვა, განვითარება და ა.შ. ამიტომ საჭირო გახდა შიდა რესურსების მოზიდვა. ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერი ურთიერთობა ბანკთან კორპორაციის, კომპანიისა იწვევს აუცილებელ მოთხოვნას ბანკისას, რომ შესწავლილი იქნას ბოლო ბენეფიციარამდე, თუ ვინ არის ამ კომპანიის უკან,”- განაცხადა იმედა დვალიძემ.

მისი განმარტებით, რადგან ვლადიმერ ჯანჯღავა  რუსეთის მოქალაქეა, გიორგი სალაყაიამ შესთავაზა, კომპანია მის სახელზე გაეფორმებინათ და ბანკიდან ისე აეღოთ კრედიტი.

ადვოკატი ამბობს, რომ არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გიორგი სალაყაია წილს დააბრუნებდა. ადვოკატის თქმით, გიორგი სალაყაიამ “ბადაგონი” ფორმალურად, 50 ათას დოლარად იყიდა, რომელიც არ გადაუხდია.  

გიორგი სალაყაია “ბადაგონის” 100%-იანი წილის მფლობელი 2015 წელს გახდა. ადვოკატის მტკიცებით, 2017 წლის მეორე ნახევარში ვლადიმერ ჯანჯღავამ გაიგო, რომ გიორგი სალაყაია წილის დაბრუნებას არ აპირებდა და საგამოძიებო ორგანოს მიმართა.

[blue_box]რას პასუხობს ბადაგონი ყოფილ პარტნიორებს[/blue_box]

“ბადაგონის” 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი სალაყაია ბრალდებებს უარყოფს.  “ნეტგაზეთს” კომპანიის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა უთხრა, რომ “ბადაგონის” მხარეს აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წილის შესყიდვის კანონიერებას ადგენს.

“რაიმე სახის ფიგურირება ვინმე ვლადიმერ ჯანჯღავასი ამ ნასყიდობის ხელშეკრულებებით არ დგინდება. რაიმე სახის მოთხოვნა გამყიდველ “გრაკოროს” გიორგი სალაყაიას მიმართ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთხელაც არ დაუფიქსირებია,” – აცხადებს “ბადაგონის” ადვოკატი.  

რაც შეეხება 20 მლნ აშშ დოლარს, ყანდაშვილი ამბობს, რომ “გრაკოროს” მიერ “ბადაგონში” 20 მლნ დოლარის ინვესტირება დოკუმენტებით არ მტკიცდება. “ბადაგონის” ადვოკატი ასევე უარყოფს გიორგი სალაყაიასა და ვლადიმერ ჯანჯღავას ზეპირ შეთანხმებას წილის შემდეგში დაბრუნების შესახებ.

გიორგი სალაყაიას კიდევ ერთი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ “ბადაგონის” საქმის უკან გავლენიანი პირები დგანან. ზაზა ხატიაშვილის თქმით, “ბადაგონის” საქმით ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი და ვიცეპრემიერი  და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არიან დაინტერესბული. გიორგი სალაყაიას ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას დავით ბეჟუაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. ვლადიმერ ჯანჯღავას წარმომადგენელი დავით ბეჟუაშვილთან და ეკონომიკის მინისტრთან რაიმე კავშირს უარყოფს.

[yellow_box]ვინ არის გიორგი სალაყაია[/yellow_box]

გიორგი სალაყაია, რომელსაც “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი” წილის მითვისებაში ადანაშაულებს, 2004-08 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 

პარლამენტში ის “ახალი საქართველოს” ბლოკით შევიდა და ფრაქცია “მრეწველების” ფრაქციის წევრი იყო.

2000-2003 წლებში სალაყაია  “რუსთავცემენტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, 2002-2003 წლებში კი – “საქცემენტის” გენერალური დირექტორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი