მეკო კვირიკაშვილის ავარიის საქმე – რატომ არ ენდობა დაზარალებული ექსპერტიზას

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 8 თებერვალს, მორაგბე მერაბ (მეკო) კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა განაახლა. საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა და მას 4 პირი ემსხვერპლა, მათ შორის, კვირიკაშვილის ცოლი.

ავარიის შედეგად, შემხვედრ Nissan Tiida-ში ცოლ-ქმარი, ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი დაიღუპნენ, ასევე დაიღუპა მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.

დაზარალებულის პრეტენზიები

გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ის სამართლიანობას ითხოვს.

დაზარალებული მხარე ეჭქვეშ აყენებს ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნას. პირველი დასკვნის თანახმად, ავარიის მიზეზი მერაბ კვირკაშვილი იყო, ხოლო ახალი ექსპერტიზის მიხედვით, კვირიკაშვილს არ შეეძლო ავარიის თავიდან აცილება. ორივე ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ბოლო დასკვნაში ჩართული იყვნენ ის ექსპერტებიც, რომლებიც თავდაპირველი დასკვნის ავტორები არიან.

 

დაზარალებული მხარე, დაღუპული გიორგი პაპასკირის დედა ნონა თოდუა ამბობს, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით , სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით:

“მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭორდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tiida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ “ნისანში” მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩემი გაოგნება გამოიწვია კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც ეს მნიშვნელოვანი “ახალი გარემოება” მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც “უკეთ გაახსენდა” მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა. მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X5 მარკის ჯიპი თურმე “მოცურდა” და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ “კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება” მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით(170-180 კმ/სთ)”, – წერს ნონა თოდუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კვირიკაშვილის ადვოკატიც და დაზარალებულთა ინტერესების დამცველიც ამბობენ, რომ არცერთ ექქსპერტიზაში არ არის ნახსენები კონკრეტული სიჩქარე:

“არ არის და სწორედ ეს გვაძლევს ეჭვის საფუძვლეს, რომ არ არის მითითებული სიჩქარე, როცა სიჩქარეც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული დასკვნის დაწერის დროს. სიჩქარე თუ არ გაითვალისწინეს, აბა, როგორ დაწერეს დასკვნა? სწორედ ამიტომაა საეჭვო ექსპერტიზის დასკვნები”, – განაცხადა დავით დეკანოიძემ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატმა.

კვირიკაშვილის მხარის არგუმენტები

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის თქმით, პირველმა ექსპერტიზამ გამოძიების საფუძველზე მიიჩნია, რომ მერაბ კვირკაშვილს არავითარი ხელის შემშლელი პირობა არ ჰქონდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ასეთი ხელის შემშლელი პირობა არსებობდა და ეს შემხვედრი ავტომანქანა იყო, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება და დაუდგენელია გამოძიებისთვის:

“როგორ უნდა დაადგინოს გამოძიებამ? ძალიან რთული დასადგენია. გამოძიებამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, უამრავი მოწმე გამოკითხა. თვითონ ხომ არ იტყვის მძღოლი, რომ მე ვიყავიო?! რადგანაც არ ყოფილა კონტაქტი მერაბის ავტომობილსა და იმ ავტომობილს შორის, რომელმაც საფრთხე შეუქმნა, ამიტომ ეს ურთულესი დასადგენია. არ არსებობს მანდ ვიდეოკამერებიც”, – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სასამართლო განხილვა

სასამართლომ დასაშვებად ცნო და მტკიცებულებად მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო ავარიის თავიდან აცილება. მომავალი სასამართლო სხდომა 19 მარტს დაინიშნა, რომელზეც ექსპერტებიც დაიკითხებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com