ახალი ამბებიხელოვნება

2 თებერვლიდან ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს ჩანახატებს უმასპინძლებს

31 იანვარი, 2018 • 4281
2 თებერვლიდან ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს ჩანახატებს უმასპინძლებს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით მიქელანჯელოს ჩანახატებს უმასპინძლებს. რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის გრაფიკულ ნამუშევრები თბილისში პირველად გამოიფინება.

გამოფენის ფარგლებში საქართველოში ჩამოიტანენ მხატვრის ექვს ჩანახატს, რომლებიც ფლორენციაში, “კაზა ბუონაროტის” მუზეუმშია დაცული. ჩანახატები, რომლებსაც ეროვნული გალერეა უმასპინძლებს, სიქსტის კაპელის ჭერისა და კედლის ფრესკებისთვის შეიქმნა.

სიქსტეს კაპელას ჭერის ერთ-ერთი ფიგურის მკლავი (დაახლ. 1509-1510 წწ.)

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფლორენციელი მოქანდაკის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის “ადამის შექმნა” და ფიგურები ფრესკისთვის “სამოთხიდან განდევნა”). ფრესკების ვიდეოგამოსახულებებთან ერთად გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად”.

გამოფენა გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11) და დამთვალიერებლისთვის ღია  2018 წლის 2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით იქნება.


მამაკაცის სახე სიქსტეს კაპელას ჭერისთვის (დაახლ. 1509-1510 წწ.)

გამოფენის ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი