ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შსს-ს გამოეყო

8 იანვარი, 2018 • 2828
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შსს-ს გამოეყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სტრუქტურულიი ცვლილებები განხორციელდა.  1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და გიორგი მღებრიშვილის უწყებას დაექვემდებარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების  სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

„საგანგებო სიტუაციებისა და კრიზიების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ  ყურადღებას უთმობს  და ამ კუთხით არსებული პრობლემების  გადაჭრის მიზნით, მაქსიმალური რესურსების მობილიზებას ახდენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების  ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს“,- განაცხადა  მღებრიშვილმა პირველ სამუშაო შევედრაზე, რომელიც სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებთან გამართა.

დღესვე გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა. ალექსანდრე ხვადაგიანი მღებრიშვილის შს მინისტრობის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი