ახალი ამბები

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა: მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად უზენაესი მიზანია

1 იანვარი, 2018 • 3111
პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა: მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად უზენაესი მიზანია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ახალი წელი  მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად. უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 


პრეზიდენტის თქმით, მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, ” უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის”. 


“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი