ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! – პარლამენტთან აქცია გაიმართა

დღეს, 30 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა – მოქალაქეების პროტესტი უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მუშების გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტებმა გამოიწვია.

  • 27 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ქუთაისში 2 მუშა გარდაიცვალა. იმავე დღეს კი ბათუმში აგრეთვე მშენებლობაზე მძიმედ დაშავდა 1 პირი, რომელიც ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.
  • 28 დეკემბერს ბათუმში ზემოაღნიშნულ მშენებლობაზე შემოწმებაზე მისული ექსპერტიც გადმოვარდა სიმაღლიდან, მისი მდგომარეობაც კრიტიკულია.
  • 29 დეკემბერს კიდევ ორ ადგილას მოხდა უბედური შემთხვევა – 2 მუშა თბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობაზე დაშავდა, ხოლო ვალეში მუშამ, რომელიც წინა დღისით აქციაზე კუთვნილ სახელფასო დავალიანებას უშედეგოდ ითხოვდა, “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, მძიმე სოციალური პრობლემების გამო, თავი ჩამოიხრჩო.

დღევანდელი აქიის ორგანიზატორის, ლაშა მესხის განცხადებით, შექმნილი უიმედო მდგომარეობის პასუხად პარლამენტმა გადადო შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა.

“ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე სამუშაო ადგილზე ჩვენ ყველამ ერთად 500 მდე დასაქმებული დავკარგეთ, ხოლო ამავე მონაცემებით 800 მდე დასახიჩრდა. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი ციფრები; ამ საშინელი მონაცემების მიღმა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიები, ადამიანური ისტორიები და დიდი ტკივილი იმალება, ჩვენი საერთო ტკივილი.

დღემდე დასაქმების ადგილზე იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამო თანხმდებიან უმეტესწილად მძიმე შრომით პირობებს, სადაც შრომითი ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, მინიმალური სოციალური გარანტიები თუ დაბალი შრომითი ანაზღაურება, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს,” – ამბობს ლაშა მესხი.

ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს, საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 30.12.2017. თბილისი

ლაშა მესხის განცხადებით, სახელმწიფო გამუდმებით სირაქლემას პოზაში უდგას ბიზნესს, რის შედეგადაც თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან სიცოცხლით სავსე ადამიანები:

“ეს მავნე და მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს! დიახ, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ჩვენს წინაშე! სწორედ ამიტომ ვუხდით ჩვენ მათ ხელფასს, პრემიებს დანამატებს, ვყიდულობთ ძვირადღირებულ ავტომანქანებს და ვუშვებთ საზღვარგარეთ.

შრომის უსაფრთხოება არის ნორმა, რომელზეც ცივილიზებული მსოფლიო დიდი ხნის წინ შეთანხმდა. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოთხოვნა ვიდგეთ სწორედ აღნიშნული დასავლური ღირებულების საფეხურზე.”

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, გაიაზრონ ეს მწვავე პრობლემა და გაატარონ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა. მათი განცხადებით, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და გარდაცვლილთა საქმეების გამოძიების ეფექტური სისტემა: “ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს!”

“ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს” – სწორედ ეს იყო დღევანდელი აქციის მთავარი მოწოდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყნისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი უნდა იყოს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მუშებს, მეშახტეებს და ყველა იმ დასაქმებულს, ვინც არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჩაგვრას განიცდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.