ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელი შეაჯამა

27 დეკემბერი, 2017 • 1560
გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელი შეაჯამა

მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა 2017 წელი შეაჯამა. როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, განვლილი წლის მთავარი მიღწევა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო. ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია რჩება:

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური, მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ვექტორიდან გამომდინარეობს წამყვანი ხაზი იმ რეფორმებისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა – ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან – საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა:

“ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ. ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება და, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას” – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება აშშ-სა და ნატოსთან თანამშრომლობა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება:

“ამავე დროს, ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით, პარალელურად, ეს ურთიერთობა გაღრმავდება და ამ კუთხითაც ბევრი წარმატება გვაქვს.

კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რჩება ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და, რა თქმა უნდა, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ასევე იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის” – თქვა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობისთვის წამყვანი დოკუმენტი ოთხპუნქტიანი გეგმა იყო, რომელიც კვირიკაშვილის შეფასებით, ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობაა საჭირო, დროის შემმჭიდროებულ მონაკვეთში მოსახლეობის ცხოვრების დონე რომ გაიზარდოს:

“ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, განსაზღვრული იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ” – თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის 4,9-პროცენტიან მაჩვენებელზე გაამახვილა. მნიშვნელოვან რეფორმებს შორის კი მოგების გადასახადის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემა დაასახელა:

“მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური იყო ოთხპუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იყო  ეკონომიკაში, რამაც დიდწილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად, სულ 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, პრემიერის თქმით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება ფინანსურ სექტორს უფრო მდგრადს გახდის.

“2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის – ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე, გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი წელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია” – თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც. როგორც პრემიერი ამბობს, ამ ხელშეკრულების შედეგი ქვეყანამ ჯერ კიდევ მის ამოქმედებამდე იგრძნო, როცა 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიყიდა ჩინეთის ბაზარზე. კვირიკაშვილის თქმით, ასევე დასრულდა მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლებში, ჯამში, 9 მილიარდ ლარს დახარჯავს ინფრასტრუქტურულ და წყლით მომარაგების პროექტებზე.

“სივრცითი განვითარების პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, წელს გეგმაზე ცოტა წინ ვართ. უკვე შენდება 1000-კილომეტრიანი გზა – აქედან 350 კილომეტრი – ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კილომეტრი რეგიონული მნიშვნელობის გზებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს საქმდება ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა:

“ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება და ჩვენ  ვგეგმავთ, 2020 წელს ჩვენ უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის პირველი გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ხოლო ამ პორტის ზეგავლენა მთლიანად ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი იქნება ნამდვილად 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გნააცხადა, რომ  მალე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც კვირკაშივლის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის და განვითარების კუთხით.

პრემიერის თქმით, მომავალ წელს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება რეგიონების განვითარება იქნება:

“ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტების დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს თვითონ რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში” – თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის რთველზეც ისაუბრა. მისი თქმით, წელს უპრეცედენტო წლი იყო რთველის იმართულებით, რადგან სახელმწიფომ პრაქტიკულად შეწყვიტა ამ სფეროს სუბსიდირება:

“143 მლნ ლარი იყო კახეთში მევენახეების შემოსავალი, 5,5 მლნ ლარი იყო რაჭა-ლეჩხუმში და დანარჩენ რეგიონებშიც, ასევე, მნიშვნელოვანი ქართლში და ა.შ. დიდი შემოსავალი მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ კონკრეტულად მეღვინეობიდან. ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც – 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში” – თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც, საქართველოში ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია დასაბუთდა.

კვირიკაშვილის თქმით, 2018 წლის გაზაფხულიდან იწყება ტყის მასშტაბური აღრიცხვა-ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სასჯელაღსრულების სისტემა კი, პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მუმართულებაა მთავრობისთვის:

“პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით; მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იწყება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციაც გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. 2017 წლის განმავლობაში ჩვენ „ევროპოლთან“ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, ჩვენი ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსურად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კონტექსტშიც და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და ძალადობა არასრულწლოვანთა შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი” – თქვა პრემიერმა.

წლის შემაჯამებელ გამოსვლაში, კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც, რომელზეც საქართველო მთავარი მასპინძელი ქვეყანა იქნება.

კვირიკაშვილმა ტურიზმზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ტურიზმი კვლავ რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. პრემიერი იმედოვნებს, რომ 2018 წელი ამ მიმართულებით წარმატებული იქნება:

“ტურიზმში გვქონდა ძალიან კარგი წელი, 7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობად იქნა მიჩნეული ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველო პირველად გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის  – OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა” – თქვა კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ბოლოს, კვირიკაშვილმა პეტიციების ვებ-პორტალზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, პორტალი 2018 წლიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, ღიად დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები:

“2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ” – თქვა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი