ახალი ამბებისამართალი

ქართველი დიპლომატ-კონტრაბანდისტის მანქანაში თამბაქოს სუნი ძაღლმა აიღო – უკრაინის პოლიცია

24 დეკემბერი, 2017 • 4032
ქართველი დიპლომატ-კონტრაბანდისტის მანქანაში თამბაქოს სუნი ძაღლმა აიღო – უკრაინის პოლიცია

22 დეკემბერს უშგოროდის გამშვებ პუნქტზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტის ფლობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის მეუღლე. საგარეო უწყების ცნობით, მათ უკვე მიიღეს სათანადო ზომები და ქართველ დიპლომატს მალე გამოიწვევენ უკან. საგარეოს ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს საქართველოს მოქალაქეს.

როგორც უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, ბრალდებული ჩეხეთის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული მერსედესის ტიპის მინივენით გადაადგილდებოდა. მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპეციალურად თამბაქოს ძებნაზე გაწვრთნილმა ძაღლმა სუნი აიღო.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, დიპლომატიურ პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე უკრაინელ სამართალდამცავებს ავტომობილის შესწავლის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე აუცილებელია გახდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებისა და ადვოკატების დაბარება. ამის შემდეგ მძღოლმა მისცა სასაზღვრო პოლიციას ავტომობილის ჩხრეკის უფლება, საიდანაც დიდი რაოდენობის კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი