ახალი ამბები

მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა – გვანცა ჯობავა

22 დეკემბერი, 2017 • 9769
მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა – გვანცა ჯობავა

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა, – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” გვანცა ჯობავამ, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენელმა მიაწოდა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს, 16:00 საათზე, დაიწყო კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და 19:00 საათზე დასრულდა.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებთა ასოციაციის დირექტორის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მანანა ბერიკაშვილმა დაინახა მათი პოზიცია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პროექტს მთალიანად ჩამოშორდეს.

ჯობავას თქმით, კულტურის მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მათთან ერთად შეხვდება დეა მეტრეველს და ისაუბრებენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასაც მეტრეველი მუშაობის დროს აწყდება.

“ემოციური შეხვედრა იყო . გვიხარია, რომ სამინისტროც წავიდა დათმობაზე, მინისტრი დაგვპირდა, რომ გაიმართება დეა მეტრეველთან შეხვედრა, სადაც ვთხოვეთ, რომ კონკრეტული ადამიანები დავესწროთ ამ შეხვერდას, სადაც იქნება საუბარი იმაზე, რა მოთხოვნა აქვს სისტემასთან დაკავშირებით დეას, რომ შეძლოს მუშაობის გაგრძელება, რომ გადარჩეს პროექტი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია”, – გვითხრა გვანცა ჯობავამ.

შეხვედრის შემდეგ მწერლები აცხადებენ, რომ მანანა ბერიკაშვილი ჩამოშორდება პროექტს. მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ერეოდა მის საქმიანობაში.

დეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს მიმართა, რომ წიგნის ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას, მხოლოდ ლიტერატურული ნაწილი დაუტოვონ, ხოლო ტექნიკური ნაწილები კულტურის სამინისტრომ გადაიბაროს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.

თავდაპირველად მიხეილ გიორგაძე უარს აცხადებდა, რომ დეა მეტრეველის წინადადება გაეთვალისწინებინა. მწერლები შიშობდნენ, რომ მანანა ბერიკაშვილის ჩართულობით, შესაძლოა ნაკლები ყურადღება დათმობოდა წიგნებს და ლიტერატურას და მეტი ყურადღება- თანმდევ კულტურულ ღონისძიებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი