ახალი ამბები

სასულიერო პირების ადვოკატებმა, შესაძლოა, პროცესის გადადება მოითხოვონ

15 ივლისი, 2013 • 1115
სასულიერო პირების ადვოკატებმა, შესაძლოა, პროცესის გადადება მოითხოვონ

ადვოკატების განცხადებით, ისინი დღეს ჩერთნენ პროცესში და საქმის მასალებს სათანადოდ არ იცნობენ.

 

როგორც ერთ ერთი ბრალდებული მღვდლის, ირაკლი ბასილაიას ადვოკატმა, გია ტაბლიაშვილმა განაცხადა, წინა სასამართლო პროცესზე მათ უარი თქვეს ადვოკატებზე, თუმცა უკვე შეცვალეს გადაწყვეტილება.


“ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, ამიტომ, სავარაუდოდ, დავაყენებთ პროცესის გადადების შუამდგომლობას,”- აცხადებს გია ტაბლიაშვილი.


ირაკლი ბასილაიას ასევე სხვა ადვოკატები, ლელა და გელა შავაძეები იცავენ. ისინი აპირებენ შუამდგომლობა დააყენონ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე, რაც, მათი თქმით, იქნება იმის საფუძველი, რომ საქმე არსებით განხილვაში არ გადაიზრდება.


სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან ბრალდებული სასულიერო პირების მხარდამჭერები, მათ შორის, ჯონდი ბაღათურია და ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი”

 

ჯონდი ბაღათურიას თქმით, სასულიერო პირებს ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნათ. 

 

“ასეთი ფაქტი ჯერ არ ახსოვს სასამართლოს. ვერაფერს მიუსჯიან მათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უდანაშაულოები არიან და მეორე, სასამართლო ამას ვერ გაბედავს,”- აცხადებს ბაღათურია.  

 
ამ წუთებში ხმაურია სასამართლოს შესასვლელთან. სასულიერო პირების მხარდამჭერთა ნაწილი სასამართლოს შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვს. მანდატურმა მათ განუმარტა, რომ დარბაზში, სადაც სხდომა უნდა გაიმართოს, ადგილის სიმცირის გამო ისინი ვერ შევლენ დასასწრებად. 
 
 
სხდომის დარბაზში იმყოფება 30-მდე სასულიერო პირი, ასევე, ნანა კაკაბაძე, დიმიტრი ლორქთიფანიძე, გიორგი გაბედავა და ჯონდი ბაღათურია.

 

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს, დილით, წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროკურატურამ მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვა. სასამართლო პროცესი დღეს, 15 ივლისს უნდა გაიმართოს.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი