ახალი ამბები

სუს-ში არ პასუხობენ, გაიქცა თუ არა კონტრტერორისტული ოპერაციის ადგილიდან 2 პირი

27 ნოემბერი, 2017 • 3733
სუს-ში არ პასუხობენ, გაიქცა თუ არა კონტრტერორისტული ოპერაციის ადგილიდან 2 პირი

იმყოფებოდა თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, კიდევ ორი პირი და მიმდინარეობს თუ არა მათი ძებნის ოპერაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ კითხვაზე არ პასუხობენ. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ თუ საქმეზე იქნება რაიმე ახალი  ინფორმაცია, თავად შეგვატყობინებენ.

allmedia.ge-ს რედაქტორი ლაშა ბერულავა ფეისბუკში ავრცელებს 2 ადამიანის ფოტოს და აცხადებს, რომ ეს ფოტოები პოლიციელებმა შიდა ქსელით მიიღეს, მათ შორის, სასაზღვრო პუნქტებზე, და ამ პირებზე ძებნაა გამოცხადებული.

ინფორმაცია საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის შესაძლო არსებობის შესახებ გუშინ “კურიერ P.S”-მა გაავრცელა. კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში არა 4, არამედ 6 შეიარაღებული კაცი იმყოფებოდა, რომელთაგან 2-მა გაქცევა მოახერხა. მათი ფოტოები საქართველოს ყველა საზღვარზე გაავრცელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. სამი ბრალდებული კი, სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ტერორიზმში ბრალდებულის საქმეზე პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლულ სავარაუდო დამნაშავეთა ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.


[highlight color=”red”]შენიშვნამასალის გამოქვეყნების შემდეგ “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურიდან დაუკავშირდნენ და აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა 4 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი დაკავებულია 3 კი ლიკვიდირებული. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი