ახალი ამბები

სუსი: კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ადგილიდან არავინ გაქცეულა

27 ნოემბერი, 2017 • 2831
სუსი: კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ადგილიდან არავინ გაქცეულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთი დაკავებული და სამი ლიკვიდირებული პირის გარდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში სხვა პირებიც იმყოფებოდნენ:

“ბინაში ვინც იმყოფებოდა  იმათგან, ერთი პირი არის დაკავებული, ხოლო სამი არის ლიკვიდირებული. არ ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ გაქცეულები არიან სხვა პიროვნებები. ვინც იმყოფებოდა ბინაში, ერთი არის დაკავებული, სამი კი ლიკვიდირებული” – უთხრეს ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში.

“ნეტგაზეთმა” სუსს რამდენიმე საათის წინ მიმართა კითხვით, იმყოფებოდა თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში კიდევ ორი პირი, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს და მათზე ძებნა მიმდინარეობს. უწყებაში ნეტგაზეთს თავდაპირველად უპასუხეს, რომ რომ თუ საქმეზე იქნება რაიმე ახალი  ინფორმაცია, თავად შეგვატყობინებენ. მასალის გამოქვეყნების შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან თავად დაგვიკავშირდნენ და აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

allmedia.ge-ს რედაქტორი ლაშა ბერულავა ფეისბუკში ავრცელებს 2 ადამიანის ფოტოს და აცხადებს, რომ ეს ფოტოები პოლიციელებმა შიდა ქსელით მიიღეს, მათ შორის, სასაზღვრო პუნქტებზე, და ამ პირებზე ძებნაა გამოცხადებული.

ინფორმაცია საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის შესაძლო არსებობის შესახებ გუშინ “კურიერ P.S”-მა გაავრცელა. კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში არა 4, არამედ 6 შეიარაღებული კაცი იმყოფებოდა, რომელთაგან 2-მა გაქცევა მოახერხა. მათი ფოტოები საქართველოს ყველა საზღვარზე გაავრცელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. სამი ბრალდებული კი, სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ტერორიზმში ბრალდებულის საქმეზე პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლულ სავარაუდო დამნაშავეთა ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი