ახალი ამბები

ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

25 ნოემბერი, 2017 • 2511
ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღეს, ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები” – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანიდან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად კლინიკებს, ჯამში, 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა სამედეცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი