დევიდ ლინჩი საქართველოს პარლამენტში [ფოტო]

დღეს, 19 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

სტუმრებს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ უმასპინძლეს. შეხვერდას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე და რომელიც, პირველ ეტაპზე, შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი სკოლის დაფუძნების თვალსაზრისით.

„ასევე, შეიძლება იყოს საუბარი ერთობლივ კინოპროდუქციებსა და კინოფესტივალებზე, რომელიც კინოინდუსტრიის გაგრძელება იქნება… უდიდესი ამერიკელი რეჟისორის სურვილია, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კინოუნივერსიტეტი. ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა ამ საკითხის განხილვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სურვილი სულ მალე რეალობად იქცევა

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, უდიდესი ამერიკელი რეჟისორი გახდება საქართველოს ერთგვარი ელჩი ჰოლივუდში” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დევიდ ლინჩი პარლამენტში. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ლინჩის ვიზიტი უკავშირდება მისი სახელობის ფონდის საქართველოში დაარსებას, რომელიც 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და  A კლასის კინოფესტივალის დაარსება და TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს რეჟისორი შეხვედრებს თბილისში.

20 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” ლინჩის ფილმის “მალჰოლანდ დრაივის” ჩვენება გაიმართება, სადაც რეჟისორი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს იქ მყოფ საზოგადოებას. 20 ნოემბერსვე ლინჩი კლუბში “ხიდი” სტუდენტებს შეხვდება და მათ გაესაუბრება ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე.

დევიდ ლინჩი პარლამენტში. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი