ახალი ამბები

“სუბსიდია ან დამატებითი დახმარება” – მარიამ ჯაში პირბადებიის მაღალ ფასზე საუბრობს

8 ივნისი, 2020 • 1285
“სუბსიდია ან დამატებითი დახმარება” – მარიამ ჯაში პირბადებიის მაღალ ფასზე საუბრობს

პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ამბობს, რომ თუ კანონპროექტით კონკრეტულ ადგილებში სამედიცინო პირბადეების ტარება იქნება სავალდებულო, მაშინ მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი შეძენა გაუჭირდება. აქედან გამომდინარე, ის აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ სამედიცინო პირბადეები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდეს.

“თუ ჩვენ ერთჯერადი პირბადეების სწორად გამოყენებაზე გვექნება საუბარი, ამ შემთხვევაში არსებობს მისი შეზღუდული დროით გამოყენება და იმდენად გაძვირებულია ბაზარზე პირბადეების ღირებულება, რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი პირბადის შეძენა ადამიანს თვეში 21 ლარი დაუჯდება. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს შეიძლება იყოს ნამდვილად ფინანსური ბარიერი. იქნებ, ასევე იყოს მოფიქრებული სუბსიდია ან დამატებითი დახმარება… მრავალჯერადი პირბადეებიც არის ალტერნატივა, თუმცა მათი მოხმარების წესიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამიტომ ამ დეტალების გარეშე, რთული იქნება [ამ კანონპროექტის] მხარდაჭერა”,-განაცხადა მან ბიუროს სხდომაზე.

ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინციატივით სახელმწიფომ უკვე დაამზადებინა რამდენიმე კომპანიას მრავალჯერადი პირბადეები, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეა იყიდება.

“რაც შეეხება პირბადეების ფასსა და ხელმისავდომობას, მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ და ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ ეროვნული წარმოება დროულად ჩართულიყო ამ მიმართულებით, რადგან ქვეყნებმა ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს… შესყიდვის პრობლემებიც იყო, თუმცა საქართველომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოაგვარა. დღეს ქვეყანაში ბევრად მეტი პირბადე იწარმოება, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, ფასების საკითხი საინტერესო იქნება და საინტერესო იქნება ისიც, თუ შემდგომში ამ წარმოების მხარდასაჭერად რა ნაბიჯებია დაგეგმილი”,-ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 8 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აწესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი