როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს – ანგარიში

“2017 წელს მიმდინარე ,,ასოცირების დღის წესრიგის“ განხორციელების პროცესი ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრირების მიმართულებით აღებული ვალდებულებების ერთგულია”- ვკითხულობთ მეორე ერთობლივ ანგარიშში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს 2016 წლის სხდომის შემდეგ.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რეფორმების განხორციელების მუდმივი მცდელობებით და ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების ამბიციის კუთხით საქართველომ განამტკიცა თავისი პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა უმთავრესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რეგიონში.

ანგარიშის მთავარი აქცენტებია:

უვიზო მიმოსვლის ამოქმედება

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ 2017 წელს კიდევ უფრო გაააქტიურეს თავიანთი ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო 2017 წლის 28 მარტს შენგენის სივრცეში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა

ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გრძელდებოდა შეთანხმებული ვადების დაცვით, თუმცა იმისათვის, რომ საქართველომ სრულად ისარგებლოს ევროპის ბაზარზე წვდომით, საჭიროა:

“დამატებითი ძალისხმევა ქვეყნის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის წვდომის უზრუნველსაყოფად”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკომისია ამბობს, რომ 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო: მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 30%-ს უდრიდა (მთლიანი ექსპორტის 27% და იმპორტის 31%) და 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მეტყველებს.

“ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი საეტაპო მიღწევები იყო საქართველოს დაშვება წარმომავლობის წესების შესახებ საერთო ევროპული ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ, ასევე ევროკავშირის ბაზრის გახსნა ცხოველური წარმოშობის ახალი პროდუქტებისთვის საქართველოდან, როგორიც არის თევზის პროდუქტები”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ეკონომიკური ზრდა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ მდგრადი, ინკლუზიური და აქტიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა ახლა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოსთვის.

“ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, წარმოება და მოხმარება, ეკოლოგიური სტაბილურობა და რეგენერირებადი  ეკონომიკა ის საკითხებია, რომლებიც მომავალ წლებში უნდა მოგვარდეს. ამ სფეროებში განხორციელებული ქმედებები ქვეყანაში არსებულ გამყოფ ხაზებს გადაკვეთს, ამიტომ აუცილებელია ნდობის აღდგენის კომპონენტების წახალისება. ქმედით სახელმწიფო და მართლმსაჯულების მანქანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად, არამედ მოქალაქეებისა და ინვესტორების ნდობის ასამაღლებლადაც”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

საკონსტიტუციო რეფორმა

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმა  ვენეციის კომისიამ მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა, მათი ხედვით, რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის განმტკიცებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.

კომისია ასევე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონპროექტმა ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა უმთავრესად უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, სრულად პროპორციული საარჩევნო
სისტემის შემოღება 2024 წლამდე გადადებულიყო.

“სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური და ძალზე ნაჩქარევად წარიმართა”,- ნათქვამია ანგარიშში.

კონფლიქტების მოგვარება

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი ასევე აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთი კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის მეშვეობით.

პრესის თავისუფლება

მიუხედავად იმისა, რომ მედიაგარემო პოლარიზებულია, ის დინამიკური და პლურალისტურია. სამართლებრივი ბრძოლები სატელევიზიო არხების საკუთრებასთან დაკავშირებით კვლავ საფუძვლად უდევს პოლიტიკურ დავას მედიის პლურალიზმსა და სასამართლო სისტემაზე პოტენციური პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. სატელევიზიო არხის, „რუსთავი-2“-ის საქმეს ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე. ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქის სავარაუდოდ უკანონოდ გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის მისი უკანონოდ გადაცემის ფართოდ გაშუქებულ საქმეზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com