ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაციონალიზმის სპორტული ბენეფისი

30 ოქტომბერი, 2017 • 8450
ნაციონალიზმის სპორტული ბენეფისი

1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გამართული ფინალური მატჩის გოლების გამტანები – ვიტალი დარასელია და ვოვა გუცაევი, “აფხაზი” და “ოსი” არ ყოფილან.  36 წლის წინ, როდესაც ისინი ბურთს მაგრად აგორავებდნენ, მათი კლუბი “თბილისის დინამო” ყველასი იყო.

გასაკვირი არაა, რომ გამარჯვება ყველგან აღნიშნეს და მაშინ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ათწლეულიც არ დასჭირდებოდა ყველაფრის შეცვლას. პოლიტიკურმა დაძაბულობამ და ესკალაციამ სპორტში მარტივად იჩინა თავი. ეს სრულიად მართლზომიერი და ლოგიკურია.

ეთნონაციონალიზმის ზრდასთან ერთად დაიწყო საფეხბურთო კლუბების სახელების გადარქმევა. დამკვიდრებული „სოციალისტური“ დასახელებები მითოლოგიური, ჰეროიკული სახელებით ჩანაცვლდა. “თბილისის დინამოს” სახელი შეუცვლეს და “იბერია” დაარქვეს. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. თუმცა ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე, 1990 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია და დამოუკიდებელ საქმიანობას შეუდგა. ნაციონალურმა გრძნობებმა სპორტული ინტერესები დაჩრდილა.

აფხაზეთში  საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე განხეთქილება ფეხბურთში მოხდა. სოხუმის დინამომ, რომელიც ძირითადად ეთნიკურად აფხაზი ფეხბურთელებისგან იყო დაკომპლექტებული, უარი განაცხადა საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე. მან სსრკ-ის ჩემპიონატში გააგრძელა ასპარეზობა. სოხუმის “ცხუმმა” კი, ეთნიკურად ქართველებით დაკომპლექტებულმა, საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო ასპარეზობა.  

სპორტი, როგორც სანახაობა, ხშირად ხდება ხოლმე ემოციების მოზღვავების ადგილი. შემთხვევითი არაა, რომ სპორტის მხარდაჭერით, პოლიტიკოსები საკუთარი პერსონის მიმართ დადებითად განაწყობენ საზოგადოებას. ამის დიდოსტატი იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც თბილისის დინამო, რომელიც მისი დაფუძნების დროისთვის, 1925 წელს, უწყებრივი, ე.წ „მილიციონერების კლუბი“ იყო, სახალხო სიყვარულის ობიექტად აქცია. ედუარდ შევარდნაძეც ეფექტურად მანიპულირებდა სპორტით. 1989 წელს ეთნონაციონალურმა გრძნობებმა პიკს მიაღწია და ის სპორტულ ცხოვრებაზეც აისახა.

ლიხნის დეკლარაციის მიხედვით, აფხაზებმა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა და რუსეთის სსრ-ის შემადგენლობაში შესვლის შესახებ განაცხადეს. ამ პოლიტიკურმა აქტმა თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.  ამ  მოვლენების დასრულებიდან ძალიან მალევე დინამოს რიგები დატოვეს ეთნიკურმა ოსმა ბახვა თედეევმა,  ეთნიკურმა აფხაზებმა, ახრიკ ცვეიბამ და საიდ თარბამ.

კონფლიქტებმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გავლენა იქონიეს ფეხბურთელების კარიერაზეც. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პასპორტის კუთვნილება ბევრ რამეს განსაზღვრავდა. ამ თვალსაზრისით ახრიკ ცვეიბამ ალფრედო დისტეფანოს რეკორდიც მოხსნა. ამ უკანასკნელმა სამი ქვეყნის- არგენტინის, კოლუმბიის, ბოლოს კი ესპანეთის ნაკრებში ითამაშა. ცვეიბას სანაკრებო კარიერა კი უფრო მრავალფეროვანი გამოდგა- სსრკ-ის ნაკრების მერე ითამაშა დსთ-ის ნაკრებში, შემდგომ ძალები რუსეთის ნაკრებში მოსინჯა და სანაკრებო კარიერა  უკრაინის ნაციონალურ გუნდში დაასრულა. ჯამში, 4 ქვეყნის ნაკრებში ითამაშა. კარიერის დიდი ნაწილი მას თბილისში აქვს გატარებული და, როგორც თავადვე აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ქართველ ფეხბურთელებთან მეგობრობა აკავშირებს. თუმცა პიროვნული ურთიერთობები, მეგობრობა და ნაციონალური კუთვნილება განსხვავებული ცნებებია.

2013 წელს, როდესაც კახა კალაძის გამოსამშვიდობელი მატჩი შედგა, კალაძის მეგობართა გუნდის წინასწარ სიაში მისი სახელიც შედიოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უარი განაცხადა მატჩში მონაწილეობაზე.

რა ეროვნებისაა ვიტალი დარასელია? ოჩამჩირეში დაბადებული და გაზრდილი დარასელია ქართველი გულშემატკივრისთვის მეგრელია, ხოლო აფხაზებისთვის, უაპელაციოდ – აფხაზი. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სტუმრად იმყოფებოდა სოხუმში.  მან ვიტალი დარასელიას ოჯახს თასების თასის მულაჟი გადასცა, თუმცა ეს ფაქტი დაჩრდილა მის მიერ სუფრაზე წარმოთქმულმა სადღეგრძელომ.. კრიტიკოსების აზრით, მან აფხაზეთი სუვერენულ ქვეყნად მოიხსენია.  

საზოგადოებისათვის ეს იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ სიჭინავამ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება სრულიად არ განსხვავდება აფხაზურისგან, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა 2015 წელს თბილისში გამართული სუპერთასის ფინალში მესის სანახავად ჩამოსული ახალგაზრდები. ახალგაზრდების თბილისში ჩამოსვლა და სიჭინავას სადღეგრძელოც სამშობლოს ღალატად იქნა აღქმული „საკუთარ საზოგადოებებში“.

სამაგიეროდ, 2016 წელს აფხაზეთში დიდი ზეიმით აღინიშნა არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი. ამის გამო დიდი სამზადისი დაიგეგმა. შეკეთდა და მოწესრიგდა სოხუმის სტადიონი. საომარი კონფლიქტის შემდეგ ამდენი სტუმარი და განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელი აფხაზეთში არ ყოფილა. ოფიციალური გახსნის ცერემონია ფოლკლორულ შოუს წარმოადგენდა. სახელმწიფოებრიობის დემონსტირებისთვის მოედანზე აფხაზეთის გეოგრაფიული საზღვრები იყო მოხაზული.  რეპორტაჟი ორ ენაზე, აფხაზურსა და რუსულზე გადაიცემოდა. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც ფიფას მიერ ლეგალიზებულ მსოფლიო ჩემპიონატზე – ფოიერვერკი, მონაწილე სუბიექტების პრეზენტაცია და გახსნის ცერემონია.

მსგავს შეჯიბრებებზე არაა აუცილებელი, რომ სპორტსმენი მხოლოდ ფეხბურთს თამშობდეს და ეს იყოს მისი შემოსავლის წყარო. ქურთისტანის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც სამსახურიდან თავისუფალ დროს თამაშობენ ხოლმე ფეხბურთს. გარდა გამარჯვების სურვილისა, მონაწილეები გააერთიანა მასობრივმა სანახაობამ და ნაციონალური გრძნობების დემონსტირირების შესაძლებლობამ. ფინალურ შეხვედრაში აფხაზეთი პენჯაბის ნაკრებს ეთამაშებოდა, სადაც თერთმეტრიანების სერია დაინიშნა. გამარჯვების მომტანი თერთმეტრიანის რეალიზების შემდეგ აფხაზებმა ნამდვილად იწამეს, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, დაამარცხეს ყველაზე ძლიერი გუნდები და არიან საუკეთესონი საუკეთესოთა შორის.

რასაკვირველია, არც ერთ ქართულ ტელეარხს არ გაუშუქებია ეს ტურნირი. თუმცა, მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, სასურველი იქნებოდა საზოგადოებას სცოდნოდა, რა ხდება ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო მის ნაწილად მიიჩნევს. ეს გამარჯვება აფხაზებისთვის ნაციონალური ნარატივის ნაწილი გახდა, ზუსტად ისეთივე ნარატივის და განცდის, როგორიც თბილისის დინამოს გულშემატკივრებს ჰქონდათ „საიუზის“ დროს, როდესაც მათი საყვარელი გუნდი მოედანზე „რუსებთან ბრძოლაში“ ქართველობას იცავდა.

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი