დარინა – ტრანსგენდერი ქალი აზერბაიჯანიდან

დაახლოებით ერთი თვის წინ აზერბაიჯანში ლგბტ თემის წარმომადგენელთა დევნა დაიწყო. პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა და 30 დღე-ღამთ პატიმრობა შეუფარდა. ბევრი ადამიანი აწამეს იმ მოტივით, რომ თემის სხვა წევრთა ადგილსამყოფელი გაეცათ. ტრანსგენდერ დარინას რეპრესია არ შეხებია, თუმცა მისი ცხოვრება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში პოლიციის დევნის გარეშეც რთულია. ნეტგაზეთთან ის აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ლგბტ ჯგუფის ადამიანთა პრობლემებზე გვიამბობს.

ბავშვობა და ოჯახი

1989 წელს თურქმენეთში, აზერბაიჯანულ ოჯახში დავიბადე. 12 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადმოვედით. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ.

როდესაც საკუთარი თავის შეცნობა დავიწყე, გავიაზრე, რომ ჩემს სხეულში ქალის სულია. ცოტა მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ნორმალურია, თუმცა გარშემომყოფებისთვის ასე არ ყოფილა… ჩემი ოჯახი ამ ყველაფერს ბავშვობის ასაკს უკავშირებდა, – მეუბნებოდნენ, გაიზრდები და წლებთან ერთად ყველაფერი მოგვარდებაო.

დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ ოჯახისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ჩემნაირი ადამიანი ცხოვრობს.

როდესაც წლები გემატება, ხალხი ამჩნევს, რომ შენი ქცევები “არანორმალურია” და ბიჭისთვის არადამახასიათებელი. როდესაც ბავშვობის ასაკში ხედავენ, რომ შენი მანერები ბიჭების მანერებისგან განსხვავებულია, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული რეაქცია არ არის, თავად ბავშვების დაცინვას თუ არ ჩავთვლით.

უკვე 12 წლიდან, რაც აზერბაიჯანში გადავედით, სცადეს ჩემი შეცვლა. სინამდვილეში ეს ხომ ის არის, რაც არასდროს იცვლება. როცა 14-15 წლის ვიყავი, დაიწყეს ჩემი შეურაცხყოფა, ცემა და მაიძულებდნენ, “სხვანაირად” მოვქცეულიყავი. ჩემი თმის ერთი სანტიმეტრით გაზრდა ჩემი ცხოვრების ათი დღით შემცირებას უდრიდა. ვხვდებოდი და ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ რაიონში ცხოვრება ჩემს საოცნებო ცხოვრებას არ ჰგავდა.

ვცდილობდი, ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა,  დედისთვის ნელ-ნელა ამეხსნა. ეს უცბად არ მომხდარა. ერთი ნაცნობი გოგონა მყავს, რომელიც დიდი ხანია სახლიდან წასული იყო და მშობლებთან კონტაქტი ჰქონდა გაწყვეტილი. მისი ახალი იმიჯის გამო ოჯახმა მასზე უარი თქვა. ის მეუბნება ხოლმე, რომ შურს ჩემი და დედაჩემის ურთიერთობის, რადგან დედაჩემმა ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ამ გოგონას შემთხვევაზე დაფიქრების შემდეგ დედაჩემმა მსგავსი ტანჯვა აღარ მომაყენა. დედამ იცოდა, რომ მის გარდა სხვა არავინ მყავს. მალევე დედაჩემს თავისმა ძმებმა ულტიმატუმი წაუყენეს, ან ის, ან ჩვენო. დედაჩემმა, რა თქმა უნდა. მე ამირჩია. თუმცა ნერვიულობის ფონზე წლების შემდეგ დიაბეტით დაავადდა.

დედაჩემის ნათესავები არ მიყვარს და მათგან მუდამ შორს მიჭირავს ხოლმე თავი, თუმცა ზოგიერთი მაინც მენატრება. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც მგონია, მათაც ვუყვარვარ.

18 წლის შემდეგ

როდესაც 18 წლის ვიყავი, რაიონიდან ბაქოში გავიქეცი. ბავშვობიდან სტილისტობა მინდოდა. მუშაობა ქალთა სილამაზის სალონში დავიწყე. მოგეხსენებათ, ბაქოში სტილისტების 90%-ს თავისი სტილი აქვს და რატომღაც ეს სტილი სალონში პრობლემას არ გიქმნის მაშინ, როდესაც ქუჩაში გასვლისთანავე მიმდებარე მაღაზიის თანამშრომლები შენკენ თითს იშვერენ და შეურაცხყოფაზე გადმოდიან. ყოველდღე ასეთ პირობებში მიწევდა სამსახურში სიარული.

ხელფასით შეგროვებული ფული რინოპლასტიკაში გადავიხადე, თუმცა ეს ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. იმ წლებში ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ღამით სახლებში “ესკორტად” ვმუშაობდი, დღისით – სილამაზის სალონში.

საზოგადოება

ოპერაციების და კოსმეტიკური პროცედურების ხანა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მქონდა. მსიამოვნებდა და მომწონდა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბიჭები ადგილს მითმობდნენ. ვხვდებოდი, რომ ჩემი ცვლილებები სულ უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.

პარალელურად, ქუჩაში გასვლა გაჭირდა. პრობლემები ძირითადად ქუჩაში მექმნებოდა ხოლმე. მთავარ ქუჩაზე ერთი წყვილი შევამჩნიე, მიყურებდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, შემდეგ გოგონამ ჩემზე მიუთითა და თქვა- “შეხედე, მოდის”. ისეთი ხალხი, როგორიც მე ვარ, ყოველთვის გამოირჩევა, ამიტომ ყველა დარტყმა ჩვენზე მოდის.

არ ღირს იმ სიტყვების ხსენება, რაც ჩემი მისამართით ისმის ხოლმე.

აზერბაიჯანელი კაცების დამოკიდებულება

სხვადასხვა ტიპის ხალხი მწერს – დაოჯახებულები თუ დაუოჯახებლები. ბუნებრივია. ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს ჩემ მიმართ ინტერესს, თუმცა ყველას ახლო ურთიერთობა უნდა.

ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანელი კაცების 80% ბისექსუალია. ეს ნორმალურია. ისინი ამას, რა თქმა უნდა, უარყოფენ. ბევრ ისეთ კაცთან მქონია ინტიმური ურთიერთობა, რომელთაც ჩემი ორივე მდგომარეობა სძულდათ, ჩემთან ურთიერთობა კი ყველასთვის დამალულად ჰქონდათ.

სექს-მომსახურება

ჩემს შემთხვევაში, სხვა გზა არ არსებობს. თუ ტრანსგენდერებზე ვისაუბრებთ, მე ერთადერთი ვარ აზერბაიჯანში, ვისაც სამსახური ჰქონია. თუმცა ისეც მომხდარა, რომ სამსახურში მოსულს კარზე დაწერილი უხამსი სიტყვები დამხვედრია. ყოფილა შემთხვევა, სალონისთვის ქვები უსვრიათ და რეკლამების ბანერები ჩამოუხევიათ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

ხანდახან ძალიან ვიღლები, თუმცა ცხოვრებას სტილისტის საქმიანობით ვერ ავიწყობ. მხოლოდ სალონში მუშაობით პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას ვერ შევძლებდი და გარეგნობას ვერ შევიცვლიდი.

ამ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, ცხოვრებაში ყველანაირი ადამიანი გვხვდება, მე ასეთი ვარ. არავის არ ვაწუხებ, სახლში არავის მივათრევ, არავის ვურეკავ, ცოლ-ქმარს არ ვაშორებ.

ხალხი Instagram-ში მიწერს, რომ ასეთი გარეგნობით სექს-მუშაკი არ უნდა ვიყო. მაგრამ არ ესმით, რომ სხვა გზა არ მაქვს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, მიმტანად რომ ვიმუშაო, მივიდე მაგიდასთან მსხდომ ბიჭებთან, როგორი რეაქცია ექნებათ, როდესაც ნახავენ, რომ ტრანსგენდერი ვარ? ერთხელ, ლაზერულ ეპილაციაზე მისულს, სალონის თანამშრომლებმა მკითხეს, პროფესია ხომ გაქვს, ამით რატომ ხარ დაკავებულიო? და როდესაც სალონის კლიენტებმა გაიგეს ეს ამბავი, მაშინვე ჩემგან მოშორებით გადასხდნენ. მერე თავად სალონის თანამშრომლებმა მთხოვეს გადაჯდომა, სხვები რომ არ შემეწუხებინა. ეს არის პასუხი! ერთი დღითაც ვერავინ მიტანს. ჩვენთვის სახლებს არ აქირავებენ. არ მესმის ტრანსგენდერის მიმართ ასეთი შიში. ერთხელ მეგობრებთან ერთად კაფეში ვისხედით და დიდხანს არ გვემსახურებოდნენ. შემდეგ მენეჯერს ვკითხეთ მიზეზი და ასეთი პასუხი გაგვცა: ჩვენ ვერ მოგემსახურებით, თავადაც გესმით, რატომ.

პოლიცია

პოლიციისთვის თითქმის არასდროს მიმიმართავს, რადგან თავად პოლიციელები დამცინიან. ისინი მხოლოდ საჩივარს იღებენ და ამით ყველაფერი მთავრდება.

ჯარი

სამხედრო სამსახურში ძვლების პრობლემების გამო არ წავედი. ჩემი იდენტობის გამო ჯარისთვის თავი არ ამირიდებია.

პრობლემები კანონმდებლობაში

პასპორტის მიხედვით ტეიმურ რიზაევი ვარ. ამ საბუთის გამოცვლა არ შემიძლია იმის მიუხედავად, რომ ქალის გარეგნობა მაქვს. ჩემი გვარის რიზაზადედ გადაკეთებაც მინდა. ამ გვარით საზოგადოება იმას მაინც არ იფიქრებს, რომ კაცის გვარი მაქვს. თუმცა, როგორც ვიცი, ადამიანები, რომლებიც ოპერაციის გზით სქესს იცვლიან, მარტივად ცვლიან საბუთსაც.

გეგმები

ჩემი ცხოვრების რადიკალურ შეცვლაზე ჯერ კიდევ არ მიფიქრია. ჯერჯერობით ყველაფერს დედისთვის ვაკეთებ, რათა ნორმალურად იცხოვროს.

რაც შეეხება ჩემს ოცნებას, ალბათ, სექს-მუშაკის კარიერას, ჩემს ორმაგ ცხოვრებას წერტილს დავუსვამდი. მინდა, ღირსეული სამსახური მქონდეს.

გზავნილი საზოგადოებისთვის

საზოგადოებისგან წამოსული ზიზღის მიზეზი მაინტერესებს. ისინი გვეუბნებიან, რომ ღმერთი დაგვწყევლის. დაე, ჩემი კარგი საქმეების მიუხედავად, ჩემი გარეგნობის გამო დამწყევლოს. შეიძლება ქუჩაში თავისუფლად დადიოდეს ვინმე ჩვეულებრივი ბიჭის გარეგნობით და რეალურად იყოს ტერორისტი, მკვლელი. თუმცა ხალხს ის ურჩევნია, გარეგნობის გამო შემიძულოს. და თქვენ იცნობთ ტრანსგენდერებს, რომლებიც მშვიდად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუნელ მევლუდი