ჯორჯ სოროსმა ღია საზოგადოების ფონდებს 18 მილიარდი დოლარი გადასცა

მილიარდერმა და დემოკრატიული პრინციპების აქტიურმა დამცველმა, ჯორჯ სოროსმა დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი  თავის მიერ დაფუძნებულ “ღია საზოგადოების ფონდებს” გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

New York Times-ის ინფორმაციით, ეს  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერია, რაც კი კერძო დონორმა ერთ ფონდს გადასცა.

WSJ წერს, რომ 87 წლის ჯორჯ  სოროსი ფონდის ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაში კვლავაც იქნება ჩართული.

ჯორჯ სოროსმა 1979 წლიდან დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. 1984 წელს კი უნგრეთში, სადაც დაიბადა,  ფონდი დააარსა. თავდაპირველად, ფონდი ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო მასალებს უნივერსიტეტებში და ბიბლიოთეკებში  ავრცელებდა.

“ღია საზოგადოება” მეორე ყველაზე დიდი ფილანტროპული ორგანიზაციაა აშშ-ში და მას მხოლოდ ბილ გეითსის ფონდი უსწრებს.

წლების განმავლობაში სოროსის ღია საზოგადოების ფონდების წლიური დაფინანსება 800 -900 მლნ აშშ დოლარი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ჯორჯ სოროსმა ფონდების დაფინანსება გაზარდა.

ჯორჯ სოროსს უნგრეთში ცხოვრების პერიოდში ჯერ ნაცისტურ, შემდეგ კი კომუნისტურ რეჟიმში მოუწია ცხოვრება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფონდების დაფუძნება იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები იყო. დღეს ფონდი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ლობირებს.

ზოგიერთ ქვეყანაში ფონდის საქმიანობა ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს. ბოლო პერიოდში სოროსის ფონდს უნგრეთის ხელისუფლება დაუპირისპირდა. სოროსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები პოლონეთში, მაკედონიასა და სხვა  ევროპულ ქვეყანებში თავს ესხმებიან ღია საზოგადოების ფონდს და მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას აბრალებენ. სოროსის ფონდის წინააღმდეგ არაერთი აქცია გამართულა საქართველოშიც.

Forbes-ის თანახმად, ჯორჯ სოროსის ქონება 23 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლიბერალური ღირებულებების დასაცავად ფილანთროპმა დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.