ირმა ინაშვილი, "საქართვლოს პატრიოტთა ალიანსი". ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ინაშვილი: ხელისუფლება “პატრიოტების” აქციების მთელ ოპოზიციასთან დაკავშირებას ცდილობს

ირმა ინაშვილის განცხადებით, 17 სექტემბრიდან “პატრიოტთა ალიანსი” საპროტესტო აქციებს იწყებს, ხოლო “ტელეიმედის” გუშინდელ სიუჟეტში აქციების ორგანიზატორებად ირიბად იყვნენ მიბმული “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკელები”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ინაშვილი ამბობს, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა შეეხება სწორედ გიგა ბოკერიას მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის გაყინული საქმეების დაძვრას.

“გუშინ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციოში ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც 17 სექტემბრის აქციის ორგანიზატორად ირიბად მიბმული იყო მთელი “ნაცშემადგენლობა”, “რესპუბლიკური პარტია” და რიგი სხვა პარტიები, რომლებთანაც ჩვენ, “საქართველოს პატრიოტები” არათუ აქციას არ გავმართვთ, არამედ არ ვაპირებთ საერთოდ არანაირ პოლიტიკურ თანამშრომლობას: არც ღია კომუნიკაციას და არც ფარულს,” – ამბობს ინაშვილი.

მისი თქმით, თუ ვინმეს საპროტესტო აქციების გამართვა სურს ქვეყანაში, ეს “პატრიოტების” გარეშე მოუწევთ: “ჩვენთან მოკერებისა და მობმის გარეშე.”

როგორც ინაშვილი აცხადებს, 17 სექტემბრის აქციას ხელისუფლების პიარ-მრჩევლები მიზანმიმართულად აკავშირებენ სხვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც:

“მე, როგორც ტელეჟურნალისტი, ამ კუთხიდან გამომდინარე ვაანალიზებ ამ ვითარებას. მათ აქვთ ორი მიზანი: პირველი, ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენს გვერდით თითქოს იდგება ნაცმოძრაობა და ბოკერია, რაც არის კომედია და ტყუილი. მეორე, დასავლეთმა იფიქროს, რომ არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ რამდენიმე პარტია უწევს ორგანიზებას ამ მასობრივ აქციებს; აფიქრებინოს დასავლეთს, რომ ის დიდი ტალღა, რომლის ნიშნებიც არის უკვე, იქნება ძალიან ფართო – ეს დიდი ტალღა იყოს დაკავშირებული არა მხოლოდ კონკრეტულად “პატრიოტთა ალიანსის” სახელთან, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, თითქოს საერთო ოპოზიციის მოხმობილია ჩვენი საზოგადოება ამ აქციაზე.”

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 17 სექტემბერს ფართომასშტაბიანი აქციები აქვს დაანონსებული. მათი პროტესტი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, რომელიც, ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო. “პატრიოტები” ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასაც გააპროტესტებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.