პარლამენტის სხდომა

უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს სექტემბრის მეორე ნახევარში მიიღებს

მმართველი გუნდის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტს სექტემბრის მეორე ნახევარში უყრის კენჭს. ამის შესახებ მან დღევანდელი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ზვიად ძიძიგური ირწმუნება, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეუმდგარ კონსენსუსზე გამოთქვამს თავის დასკვნაში წუხილს, ხოლო ამ წუხილს მმართველი გუნდიც იზიარებს:

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უკვე მერამდენედ მიმართავენ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები. ვენეციის კომისია წუხს, რომ კონსნესუსი ვერ შედგა და ჩვენც, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ვწუხვართ ამაზე. გაცილებით გვერჩივნა, რომ კონსენსუსით დამთავრებულიყო ჩვენი შეხვედრები. პოლიტიკაში ხდება: ხან მიაღწევ კონსენსუსს, ხან ვერ მიაღწევ. სამწუხარო ამბავია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვენეციის კომისია არ არის მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევა. მან შემოგვთავაზა ჩვენ მედიატორის ფუნქცია და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამ კომისიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ვენეციის კომისიას მეტი რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, არ გააჩნია.”

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მოილაპარაკეს, რადგან მთავრობის ბოლო ინიციატივა ოპოზიციასთან ურთიერთობის დასრულდა იმით, რომ მიიღო წინაპირობები მათი მხრიდან, თუ რა შემთხვევში იყვნენ მზად განხილვებში მონაწილეობის მისაღებად.

“ოპოზიციის მხრიდან არც ერთ წინადადებაზე მიგვიღია პასუხი, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდნენ ისინი კონსტიტუციის პროექტს მხარს. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს თემა ვერ გამოვიდა ისე, როგორც გვინდოდა ყველას ერთად, მაგრამ ეს არის მოცემულობა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საარჩევნო თემებზე დიალოგს კონსტრუქციულ ოპოზიციურ მოთხოვნებთან არ გავაგრძელებთ, თუკი ასეთი იქნება,” – ამბობს “ოცნების” დეპუტატი.

კითხვაზე, თუ რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტის მიღებას სექტემბერშივე, როცა ოქტომბერში იყო დაანონსებული, ზვიად ძიძიგური პასუხობს:

“არასდროს ყოფილა ოქტომბერში დაანონსებული. დღეს მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მიხედვით, უნდა იყოს მინიმუმ სამთვიანი შუალედი. ეს მოთხოვნები არის დაცული. რაც შეეხება კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე კენჭისყრას, ამ კვირის სასესიო კვირაში არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში არ იქნება კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრა. ლამის ოქტომბერიც მოვა, რა გინდათ მეტი… გარწმუნებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი. მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც კონსენსუსი ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იქნება კომისიის მხრიდან წუხილი დაფიქსირებული და ამ წუხლის ჩვენც ვუერთდებით.”

ძიძიგური ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტი არის ძალიან კარგი და კარდინალურად გაუმჯობესებული დოკუმენტი ქვეყნის ძირითადი კანონის: “თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2010 წელსაც ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოაქვეყნა მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესთან მიმართებაში და აბსოლუტურად ყველა შენიშვნაა გათვალისწინებული იმ საკონსტიტუციო კომისიის მიერ, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.