“ჩვენი საერთაშორისო აღიარების პროცესს ხელს ვერავინ შეუშლის” – ინტერვიუ დიმიტრი მედოევთან

9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რა მოუტანა ოსებს რუსეთის აღიარებამ და რა გეგმები აქვთ საერთაშორისო აღიარების კუთხით? ამ საკითხებზე ნეტგაზეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი მედოევთან ინტერვიუ ჩაწერა. თუმცა, როგორც თავად რესპონდენტმა განგვიმარტა, დროის სიმცირის გამო კითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დარჩა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გთავაზობთ იმ კითხვებზე პასუხს, რასაც დიმიტრი მედოევმა წერილობით უპასუხა.

ბატონო დიმიტრი, ზუსტად 9 წელი გავიდა [2008 წლის 26 აგვისტო] მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რა გააკეთა სამხრეთ ოსეთმა ამ წლების განმავლობაში დღემდე საერთაშორისო აღიარების კუთხით? რას მიიჩნევთ ამ მხრივ წარმატებად და როგორია თქვენი გეგმების მაქსიმუმი უახლოეს პერიოდში?

ნამდვილად, 2017 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მორიგი წლისთავი ვიზეიმეთ. ეს თარიღი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აგვისტოს იმ დღეებიდან შეწყდა საქართველოს ყველანაირი მცდელობა, იარაღის ძალით დავმორჩლებოდით თბილისს. მშვიდობა დადგა – მთელი ამ კამპანიის მთავარი წარმატებაც ესაა. 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა სამშვიდობო პროცესს წერტილი დაუსვა. ამ თარიღის შემდეგ “ქართულ-ოსური კონფლიქტის” საერთაშორისო-სამართლებრივმა გაგებამ არსებობა შეწყვიტა, ისევე როგორც მისმა თანმხლებმა ტერმინმა “დარეგულირებამ”…

მადლობელი ვართ რუსეთის იმისთვის, რომ ჩაერია, სწორედ რუსმა ჯარისკაცმა გადაარჩინა ჩვენი ხალხი ფიზიკურ განადგურებას – იმიტომ, რომ ქართული არმიის წინაშე სწორედ ეს ამოცანა იდგა. საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მასობრივი სამარხი – 100 -ზე მეტი უცნობის ცხედრით, ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

თქვენ განაცხადეთ, რომ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო აღიარებისა და საერთაშორისო კავშირების გაფართოების საკითხებზე მუშაობს. ასევე განაცხადეთ, რომ მუშაობთ ევროპასთან, აზიასთან და ამერიკასთან. თუმცა არ საუბრობთ კონკრეტულ ქვეყნებზე. რატომ? პროცესისთვის ხელის შეშლა შეუძლია ქართულ მხარეს? ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

დიახ, სამხრეთ ოსეთი მუშაობს მსოფლიოში აღიარების კუთხით გაფართოებაზე, საერთაშორისო კავშირების გამყარებაზე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს ევროპაშიც და აზიაშიც, და ამერიკის კონტინენტებზეც. საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნებია ეს, არ შემიძლია… და ქართული მხარე ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის. იმის მიუხედავად, რომ ამ კუთხით საქართველოც მუშაობს. ამას აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის აქტიც კი ვერ შეუშლის ხელს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთს მაშინ რომ არ ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლებლად, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?

მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რა შეიძლებოდა დამართოდა ჩვენს ხალხს, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო – “ცარიელი ველი”. ნახეთ, რა ხდება თქვენთან ყაზბეგის რაიონში დღეს, მშვიდობის დროს. ეს ნამდვილი ეთნოციდია ოსების მიმართ – ამ ადგილების ყოფილი მკვიდრებისთვის. მათ საკუთარი წინაპრების საფლავებზე მისვლა აუკრძალეს, აუკრძალეს მისვლა იმ მართლმადიდებელ სიწმინდეებთან, სადაც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ. არადა, თითქოს, საქართველოში სხვა რეჟიმია… დემოკრატიული – ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ანატოლი ბიბილოვმა ამ წლის 25 აგვისტოს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.  რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? თუ სამხრეთ ოსეთი საკუთარ მომავალს რუსეთთან ხედავს, მაშინ რაღაში გჭირდებათ მთელი ეს მუშაობა საერთაშორისო აღიარების კუთხით?

პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა დაცალკევებული ხალხის გაერთიანების სწრაფვა გაუგებარია? რატომ არის ქართველებისთვის სრულიად გასაგები და ახლო ბორჩალოს ან თურქეთში ლაზიკას სიტუაცია და არ არის გასაგები ოსებთან დაკავშირებით? ჰოტენტოტური მორალია?

ჟენევის დისკუსიების შესახებ – ისინი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. როგორ ფიქრობთ, რა მისცა ამან კონფლიქტის მხარეებს და რამდენად დიდხანს შეიძლება ისინი გაგრძელდეს?

“ქართულ-ოსური კონფლიქტის” დარეგულირების სამშვიდობო პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება, და მას ჰქონდა ერთი, თუმცა, დადებითი შედეგი – შესაძლებელი იყო სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ ერთმა ადამიანმა სხვანაირად გადაწყვიტა.

სხვის შიდა საქმეებში ჩარევის სურვილი არ მაქვს, მაგრამ იქამდე, სანამ საქართველოში რეალურად პროქართული ხელისუფლება არ მოვა, რომელიც გაიგებს და აღიარებს შექმნილ რეალიებს, საქართველოსთვის კარგი არაფერი ელის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების უკან გამოწვევა ვერ მოხდება.

დიმიტრი მედოევი; ფოტო: sputnik-ossetia

დიმიტრი მედოევი; ფოტო: sputnik-ossetia

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი