ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ქართულ მხარეს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

28 აგვისტო, 2017 • 3930
ცხინვალი ქართულ მხარეს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 28 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ქართული მხარე ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც განაცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლის 22 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა ოსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ შეუშვეს.

როგორც განცხადებაში წერია, მოქალაქეები ჩრდილოეთ ოსეთიდან მშობლიურ სოფელ კობში რელიგიურ დღესასწაულზე მიდიოდნენ, თუმცა “ქართულმა მხარემ მიზეზების განმარტების გარეშე პასპორტში დეპორტაციის 5-წლიანი შტამპი ჩაურტყა და ცინიკურად განუცხადა, რომ სოფელ კობის ტერიტორიაზე ვერც ერთი ოსი ვეღარ შევა”.

“ქართული ხელისუფლების მსგავსი უკანონო ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში და ცინიკური დარღვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გამო ეთნიკური ოსების მიმართ ყაზბეგის რაიონის ოსური სოფლების მცხოვრებელებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან. ეს ტერიტორიები საერთო ოსური ისტორიული და ეთნოკულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყოველთვის ოსეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა”.  თუმცა, როგორც ოსური მხარე იუწყება, “კომუნისტურმა საქართველომ ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსია მოახდინა”.

აქვე დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურების განცხადებაში წერია, რომ ეთნიკური ნიშნით ოსების შეზღუდვის საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე ჟენევის დისკუსიებზეც არაერთხელ დასმულა და თბილისს ჰუმანიზმის პრინციპის დაცვა მოსთხოვა, თუმცა “თბილისი ცინიკურად თამაშობს იმ ადამიანების ბედით, რომლებიც ბოლშევიზმისა და ნეონაცისტური იდეოლოგიის მსხვერპლი გახდნენ”.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით, ქართული ხელისუფლების ანტიჰუმანური ქმედებებთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავს და გმობს ეთნოციდის პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წინა საუკუნის შუა პერიოდიდან ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას რესპუბლიკის მცხოვრებლების მიმართ ატარებს.

სამინისტრო ასევე უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ქართული მხარის მიერ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, ოსი ერის განუყოფელი ერთიანობიდან, მისი ისტორიიდან, კულტურიდან და ეროვნული ტერიტორიებიდან გამომდინარე, ადეკვატური ქმედებების – საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე გადაკვეთის რეჟიმის გადახედვის უფლებას იტოვებს”, – წერია განცხადებაში.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ქართულ მხარეს, კერძოდ, შსს-ს ვთხოვეთ, სადაც შეგვპირდნენ, რომ  ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულ შემთხვევაზე მსგავს ფაქტს, ინფორმაციას მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი