ახალი ამბები

Reuters: უახლესი ბრძანებულების თანახმად, თურქეთი ასობით საჯარო მოხელის “წმენდას” იწყებს

25 აგვისტო, 2017 • 2485
Reuters: უახლესი ბრძანებულების თანახმად, თურქეთი ასობით საჯარო მოხელის “წმენდას” იწყებს

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსხურის მიერ გამოცემული უახლესი ბრძანებულების თანახმად, თურქეთი ასობით საჯარო მოხელის “წმენდას” იწყებს.  ინფორმაციას ასობით საჯარო მოხელის გათავისუფლებისა და პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. 

ბრძანებულებით ირკვევა, რომ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MIT) უფროსი გამოძიების დასაწყებად ნებართვას პრეზიდენტისგან აიღებს. პრეზიდენტი ასევე უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის საკოორდინაციო საბჭოს. აქვე ცნობილი ხდება, რომ ანკარის მთავარი პროკურატურა იქნება უფლებამოსილი, დაიწყოს გამოძიება პარლამენტის წევრების მიმართ მათი არჩევის წინ ან შემდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ცვლილებების უმრავლესობა ძალაში 2019 წელს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა.

ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაკირში დაფუძნებულ,  პროქურთულ საინფორმაციო სააგენტო Dihaber-ის დახურვას და მასთან ერთად ორი გაზეთის გაუქმებას. გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაახლოებით 130 მედიასაშუალება დაიხურა, დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 150-ს აღწევს. 
ამასთანავე, ბრძანებულების თანახმად, თურქეთი 4000 მოსამართლესა და პროკურორთან ერთად პოლიციის რიგებში 32 000 ახალწვეულს მიიღებს.

ცვლილებები თურქეთში არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებას მცდელობას უკავშირდება, რომელიც გასული წლის ივლისში მოხდა.

პუტჩის უშედეგო მცდელობის შემდეგ 150 000-მდე ოფიციალურ პირს უფლებამოსილება შეუჩერდა. 50 000-მდე საჯარო მოსამსახურეს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორი-ს ჯარის და პოლიციის თანამშრომლებს. სახელისუფლებო წყაროების ცნობით, სადამსჯელო ღონისძიებები ფეთულაჰ გიულენის ქსელში მონაწილე პირთა მიმართ გატარდა, რომლებსაც ბრალი ედებათ ანკარაში გადატრიალების მოწყობაში.

ოფიციალური სამთავრობო წყაროს ცნობით, სამინისტროდან  და საჯარო დაწესებულებებიდან სულ 928 საჯარო მოხელე დაითხოვეს. ასევე გათავისუფლებულია აკადემიური პერსონალის 100-ზე მეტი თანამშრომელი.

გასული წლის გადატრიალების მცდელობაში 250 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის მხრიდან საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას კრიტიკა მოჰყვა, სადაც რეჟიმის გახანგრძლივება ოპოზიციური ძალებზე ზეწოლად ფასდება. მთავრობა კი გახანგრძლივების მიზეზად თურქი მებრძოლებისა და გიულენისგან მომავალ საფრთხეს ასახელებს. გულენმა დაგმო გადატრიალების მცდელობა და მისი მონაწილეობა გამორიცხა.

მსგავსი ზომების მიღებამ შეაშფოთა თურქეთის დასავლელი პარტნიორები და უფლებადამცველები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი