ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოფელ ყარაფილასთან “ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია იმართება

24 აგვისტო, 2017 • 2021
სოფელ ყარაფილასთან “ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია იმართება

მოქალაქეთა ჯგუფი “ძალა ერთობაშია”, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიებთან მორიგეობს, დღეს, 24 აგვისტოს “ოკუპაციის წინააღმდეგ” აქციას მართავს.

ამავე ჯგუფმა დღესვე, ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ორჭოსანთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტს მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა:

“აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ”, – განაცხადეს სუს-ში.

ყარაფილა – ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება 2017 წლის 25 ივლისს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს”. მოქალაქეთა ჯგუფის აქტივობას მაშინ
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ქართველ აქტივისტთა აქციების გამო სიტუაციის შესაძლო გამწვავების პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი