ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში სამხედროების ჩართვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 23 აგვისტოს რიგგარშე სხდომაზე, მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ბორჯომმისა და ატენის ხეობაში ხანძრების წინააღმდეგ მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ.

რიგგარეშე სესიაზე რეგისტრაცია გაიარა 115-მა დეპუტატმა და განკარგულებას მხარი დაუჭირა ყველამ. რიგგარეშე სესიაზე განიხილეს მხოლოდ ერთი საკითხი.

დეპუტატებს პრეზიდენტის განკარგულება საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო.

“უკვე რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს ბორჯომის ტერიტორიაზე, ის გავრცელდა სხვა ტერიტორიულ ერთეულებზე. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო სტრუქტურები მობილიზებული არიან, ებრძოლონ ამ სტიქიურ უბედურებას. ვინაიდან საჭირო გახდა შეიარაღებული ძალების პოტენციალისა და ტექნიკის მობილიზება, შესაბამის წარდგინებიზე რეაგირებით გუშინ პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის და სამოქალაქო უსაფრთხების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ბორჯომისა და ატენის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით გამოყენებული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გარკვეული შენაერთები”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლმენტი მხარს დაუჭერს განკარგულებას.

სიტყვით გამოვიდა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მან თქვა, რომ აუცილებელი იყო სამხედროების პოტენციალის გამოყენება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში იღებენ მონაწილეობას.

“საზოგადოებაში დაგროვილია კითვები მიზეზებზე, რეაგირების გზებზე, მაგრამ გამიზნულად უარს ვამბობთ მოვაწყოთ აქ დისკუსია და დავსვათ ეს კითხვები. ამის დრო აუცილებლად მოვა, მხარს ვუჭერთ ამ დადგენილებას, რომელიც დღესაა წარმოდგენილი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს.

“მოსახლების უსაფრთხოებისთვის მიღებულია ყველა ზომა. დასახლებულ პუნქტებთან დგას სახანძრო სამაშველო ბრიგადები… და აღმასრულებელი ხელისუფლება მზად არის ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. პრეზიდენტის ბრძანება 22 აგვისტოთია დათარიღებული, თუმცა ის 23 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com