ძალადობა ოჯახში/ილუსტრაცია: Tokyo times

კაცს, რომელიც ცოლს სცემდა და მოკვლით დაემუქრა, 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლება აღუკვეთა.

სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ს.ბ დამნაშავედ ცნო.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ს.ბ.-ს ბრალად ედებოდა ცოლის, ნ.ჩ-ს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რითიც მან ცოლს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ნ.ჩ-ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის იანვარში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com