ახალი ამბებიხელოვნება

ექვსი წიგნი LGBTI თემატიკაზე

2 აგვისტო, 2017 • 12932
ექვსი წიგნი LGBTI თემატიკაზე

LGBTI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) თემატიკის წიგნებს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჰომოეროტიკული ხასიათის რომანები, ლექსები და პიესები წლებია იწერება  მსოფლიოში. არის უამრავი ავტორი, რომელიც დროს უთმობს ამ საკითხს, ან აღწერს ჰომოსექსუალი ადამიანის სირთულეებით სავსე ცხოვრებას და ამ გზით ცდილობს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.

გთავაზობთ, ექვს LGBTI თემატიკის რომანს:

ჯეიმს ბოლდუინი – ჯოვანის ოთახი (Giovanni’s Room)

818pjsZPHXL

ჯეიმს ბოლდუინის რომანი „ჯოვანის ოთახი“ 1956 წელს დაიბეჭდა, ავტორი ჰომოსექსუალი ადამიანის პერსპექტივიდან აღწერს ცხოვრებას პარიზში. ქალაქში მარტო დარჩენილი დეივიდი გაიცნობს ჯოვანის, რომელიც ერთ-ერთი გეი ბარში მუშაობს ბარმენად. რომანში აღწერილია მათი წინააღმდეგობრივი ურთიერთობა და სირთულეები.

 

 

ვირჯინია ვულფი – ორლანდო (Orlando)

615g0Jj4MJL

ვირჯინია ვულფი მეოცე საუკუნის ბრიტანელი რომანისტი და ესეისტია. მიიჩნევა, რომ ცნობიერების ნაკადის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ეს ბრიტანელი ქალია. ბევრს საუბრობდენ ავტორის სექსუალურ ორიენტაციაზე და ვირჯინია ვულფის ურთიერთობაზე ვიტა სეკვილ-უესტთან, ბრიტანელ არისტოკრატ ქალთან.

რომანი „ორლანდო“ 1928 წელს გამოქვეყნდა და მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც შეიცვლის სქესს და გახდება ქალი. პერსონაჟის ისტორია რომანში სამასი წლის განმავლობაში გრძელდება. ამბობენ, რომ ‘ორლანდოს”  ავტორის ინსპირაციის წყარო ვიტას პიროვნება და მათი განსაკუთრებული გრძნობა  ყოფილა.

რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს.

ჯეფრი იუჯინდისი – საშუალო სქესი (Middlesex)

71sJpKGagtL

პულიცერის პრემიის მფლობელი რომანი „საშუალო სქესი“ ჯეფრი იუჯინდისის მეორე რომანია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟული პრემია მოუტანა ავტორს. რომანში მოთხრობილია ბერძნული ოჯახის ამბავი, რომელიც ამერიკაში გადავა საცხოვრებლად. მთხრობელად კი მოზარდი კალი გვევლინება, რომელიც ინტერსექსუალია. რომანის პირველი ნაწილი ეთმობა კალის ოჯახს, ხოლო მეორე ნაწილი- კალის დამოუკიდებელ ცხოვრებას სან-ფრანცისკოში.

რომანის ავტორს ქართველი მკითხველი იცნობს გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ თარგმნილი წიგნით „თვითმკვლელი ქალწულები“, რომლის მიხედვითაც სოფია კოპოლამ 1999 წელს მხატვრული ფილმი გადაიღო.

მაიკლ კანინგემი – საათები (The Hours)

51nJi6kvjrL

მაიკლ კანინგემი თანამედროვე ამერიკელი მწერალია, რომლის შემოქმედებაშიც ძალიან დიდი ადგილი ეთმობა LGBT თემატიკას. რომანი „საათებიც“  სამ სხვადასხვა დროში მცხოვრებ, სამ სხვადასხვა ქალზე მოგვითხრობს. პირველი ქალი ლეგენდარული ვირჯინია ვულფია, ავტორი აღწერს მის უკანასკნელ წლებს. მეორე ნაწილი ეთმობა ლაურა ბრაუნს, რომელიც კითხულობს ვირჯინია ვულფის რომანს. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში ვითარდება და ავტორი ცდილობს გვაჩვენოს ლაურას ცხოვრება და მისი პრობლემები. მესამე ნაწილი კი ეთმობა კლარისას, რომელიც შეყვარებულია ქალზე და ცხოვრობს მასთან ერთად.

სამი თაობის ქალის ისტორიის აღწერით ავტორს სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ქალების, მათ შორის ლესბოსელი ქალების მდგომარეობა. პულიცერის პრემიის მფლობელი წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომელშიც ვირჯინია ვულფის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს.

„საათები“ ქართულად რამდენიმე წლის წინ დაბეჭდა „პალიტრა L-მა“.

ჯონ გრინი; დევიდ ლევითანი – უილ გრეისონი, უილ გრეისონი (Will Grayson, Will Graysson)

uil_greisoni

ჯონ გრინის რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თინეიჯერების საყვარელი მწერლის თანამშრომლობა დევიდ ლევითანთან და მათ მიერ ერთობლივი ძალებით შექმნილი LGBTI თემატიკის რომანი.

რომანში მოქმედება ორ უილ გრეისონის ირგვლივ ვითარდება, ორივე სკოლის მოსწავლე ყვება თავის ისტორიას. ერთ-ერთი უილი გეია, ხოლო მეორე- ჰეტეროსექსუალი. ნაწარმოების შუა ნაწილში ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

წიგნი ძალიან დიდი ხანი იყო New York Times-ის ბესტსელერების სიაში, რაც ერთი-ორად მნიშვნელოვანია. ჯონ გრინის და ლევითანის რომანი ძალიან ბევრ თინეიჯერს ეხმარება ემპათიის უნარის განვითარებაში. წიგნი ქართულად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.

ქრისტოფერ იშერვუდი – მარტოხელა მამაკაცი (A Single Man)

81hCsP8JA1L

„მარტოხელა მამაკაცი“ ქრისტოფერ იშერვუდის ცნობილი რომანია, რომელიც 1964 წელს დაწერა. რომანში მოქმედება უნივერსიტეტის პროფესორის, ჯორჯის გარშემო ვითარდება. რომანში მოთხრობილია ჯორჯის განცდები, რომლის საყვარელი მამაკაციც გარდაიცვლება. რომანის მიხედვით ტომ ფორმდა, ცნობილმა დიზაინერმა გადაიღო ფილმი. მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი კოლინ ფირსი ასრულებს.

რომანში აღწერილია, რას ნიშნავს გეი მამაკაცისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ავტორი, ალბათ, ამ გზით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ  საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყველასთვის ერთნაირად მძიმე და მტკივნეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი