ახალი ამბებისაზოგადოება

ჯეჯელავა: ვერ მოვისმენ რჩევებს ადამიანისგან, ვისი ლიდერიც კლავდა თავისუფალ ჟურნალისტიკას

13 ივლისი, 2017 • 8865
ჯეჯელავა: ვერ მოვისმენ რჩევებს ადამიანისგან, ვისი ლიდერიც  კლავდა თავისუფალ ჟურნალისტიკას

„თუ არ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რჩება სივრცე, რომელსაც სხვა აითვისებს აუცილებლად… მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განახორციელოს რუსეთმა პროპაგანდისტული ჩარევა,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დღეს პროპაგანდის საფრთხეებზეც ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს საინფორმაციო საჭიროებები და ამის შესაბამისად განისაზღვროს სტრატეგიები. „ეს არა მხოლოდ დაუპირისპირდება დეზინფორმაციას, არამედ შეიქმნება ხარისხიანი ინფორმაცია”, – დასძინა ვიცეპრემიერმა.

„აღიქვამთ, რომ ეს არის ომი მთავრობებს შორის? შესაძლოა რაღაცის წინააღმდეგ წასვლა არ იყოს ეფექტური,” –  მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას პანელის მოდერატორმა, ნიკ გოუინგმა, საერთაშორისო მიმომხილველმა.

ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ომს ამ პროცესში ვერ ხედავს, თუმცა, მისი აზრით, ბრძოლა გავლენისთვის ნამდვილად არის.

რატომ არ იქმნება სპეციალური სტრუქტურა საქართველოს მთავრობაში, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იმუშავებს? – ეს საკითხი სალომე სამადაშვილმა დასვა. ის პარლამენტის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. „ასეთი სტრუქტურები ევროპის ქვეყნებში არსებობს. რუსეთმა უკვე მიაღწია წარმატებას, რადგან ჩვენ ვერ აღვიქვით საფრთხე”, – დაამატა სალომე სამადაშვილმა.

„ვერ მოვისმენ რჩევებს ადამიანისგან, ვისი ლიდერიც თავისუფალ ჟურნალისტიკას კლავდა ქვეყანაში,”- განაცხადა პასუხად ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან ანალოგიური პათოსით უპასუხა პარლამენტარ სერგი კაპანაძესაც, რომელმაც ვიცეპრემიერს შეახსენა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდიდან პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წახალისება.

ქორწინება და მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა – კონსტიტუციაში ამ საკითხების შეტანაზე ყურადღება გაამახვილა თამარ კინწურაშვილმა, „მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მთავრობა, ერთი მხრივ, რუსული პროპაგანის მხარდაჭერას უარყოფს და, მეორე მხრივ, პრორუსული პროპაგანდის გათვალისწინებას ახდენს ქვეყნის მთავარ კანონში.

თამარ კინწურაშვილს ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „ეს საკითხები მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და არა რუსეთის მოსახლეობამ”.

„ჩვენ ინფორმაციული მართვის ფაზაში ვართ ახლა. რუსეთს სჯერა, რომ დასავლეთიც ახორციელებს მასზე საინფორმაციო შეტევას,” – აღნიშნა პანელის მონაწილე ბრაიან ვითმორიმ. იგი რადიო „თავისუფლების” უფროსი ანალიტიკოსია რუსეთის საკითხებში. მან ტრადიციული ჟურნალისტიკის სირთულეებis შესახებაც ისაუბრა:

„ბალანსის ფეტიშიზაცია ხდება და ამას სჭირდება დაფიქრება. ძალიან ბევრი ნაგავია დღეს საინფორმაციო ველზე. რა უნდა ქნას ჟურნალისტმა, ნახევარი სიმართლე თქვას?!”

პანელის მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ ევროპამ აქამდე ცალსახად საფრთხედ ვერ აღიქვა რუსული პროპაგანდის გავლენა და  ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ან უკრაინას.

მასალების გადაბეჭდვის წესი