ახალი ამბები

დიდუბის გამგებლის თქმით, ელიავას ბაზრობაზე 15 მაღაზია დაიწვა

3 ივლისი, 2017 • 3047
დიდუბის გამგებლის თქმით, ელიავას ბაზრობაზე 15 მაღაზია დაიწვა

დღეს დილიდან ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსამყაროსთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, იკრიბებიან დაზარალებულები.

პოლიციის თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ პერიმეტრები. ამიტომ მოვაჭრეებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ ბაზრობის ტერიტორიაზე და უშუალოდ ადგილზე ნახონ, თუ რა მოცულობის ზარალი მიადგათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ელოდებიან დიდუბის გამგებელთან შეხვედრას, რომელიც 11:00 საათზე უნდა დაიწყოს, მანამდე ისინი თავს იკავებენ მომხდარის შესახებ საუბრისგან.

გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ის იმყოფებოდა ტერიტორიაზე და მისი ინფორმაციით, დამწვარია ოთხიდან 2 სექტორი, ჯამში, 15 მაღაზია. იგი ამბობს, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ავტოსამყაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის გოჩა ხეცურიანის თქმით, მათთვის ჯერ უცნობია ზარალის ოდენობა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს და ინფორმაციას ისინიც ადგილზე მომუშავე კრიმინალისტებისგან ელოდებიან. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის შენობა დაზღვეული იყო.

"ავტო სამყაროს" ორი სექტორი თითქმის მთლიანად დაიწვა 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ავტო სამყაროს” ორი სექტორი თითქმის მთლიანად დაიწვა 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მაღაზიების მფლობელები ელოდებიან როდის შეუშვებენ მათ დამწვარ მაღაზიებში 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მაღაზიების მფლობელები ელოდებიან როდის შეუშვებენ მათ დამწვარ მაღაზიებში 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"ავტო სამყაროს" ორი სექტორი თითქმის მთლიანად დაიწვა 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ავტო სამყაროს” ორი სექტორი თითქმის მთლიანად დაიწვა 03.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თბილისის ვიცემერის, ლაშა აბაშიძის თქმით, დღეს დაგეგმილი აქვთ, რომ მოხდეს შიგნით აღწერა – რა არის გადარჩენილი და რა არა.

“ამის შემდეგ უკვე გეგმა გვაქვს, რომ შევხვდეთ თავად მეპატრონეებს და გავივლით კონსულტაციებს იმაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. შიგნით ბევრი საქონელი და მაღაზია არის გადარჩენილი.

იმ საქონლის შესახებ, რაც დაიწვა, იმაზე უკვე გვექნება შეხვედრა თავად ამ ობიექტების მფლობელებთან. სანამ არ გვეცოდინება სრული სურათი, თუ რა ხდება შიგნით, რა მოცემულობაა, მანამდე, სამწუხაროდ, კონკრეტულ ციფრებზე ვერ გეტყვით. ჩვენი დახმარება ამ ეტაპზე არის, რომ შევხვდეთ დაზარალებულებს, მეპატრონეებს და გავიგოთ მათი მთავარი მოთხოვნა.”

დღეს, მოგვიანებით, შეხვედრა მერიაში გაიმართება.

სავაჭრო ცენტრის დამწვარი მეორე სექტორის მფლობელის, ქეთევან ლოლაძის თქმით, ელექტრო გაყვანილობა შენობაში გამართული იყო. მისი თქმით, შენობის დაზღვევა ერთი თვის წინ განახლდა და სადაზღვეო კომპანიამ შემოამოწმა შენობაში ყველა დეტალი. ლოლაძის განცხადებით, მაღაზიების ადგილმონაცვლეობა არ იგეგმებოდა.

“შენობა-ნაგებობა არის დაზღვეული. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ თუ არის შესაძლებელი მოვაჭრეეებს დაეხმარონ და აუნაზღაურონ ზარალი, რომელიც მიიღეს,” – აცხადებს ქეთევან ლოლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი