ახალი ამბები

ადვოკატი: დეკანოზის საქმეში მოწმის სახით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხება

29 ივნისი, 2017 • 1781
ადვოკატი: დეკანოზის საქმეში მოწმის სახით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხება

დეკანოზის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და მოწმის სახით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება.

„ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა, როგორც აგენტ პროვოკატორს. ჩვენს საქმესაც პროვოკაციის სუნი ასდის. ძალიან პროვოკაციული იყო ის აუდოოჩანაწერი, რომელიც განახორციელა მამა გიორგისთან და ამ საკითხის გარშემო ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაკითხულიყო მოწმის სახით. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, როგორც დაცვის მოწმე. იგი დაკითხება, როდესაც დასრულდება ბრალდების შუამდგომლობების გამოკვლევის პროცესი,” – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, პროკურატურას არ სურდა მისი დაკითხვა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.
„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ ფირცხალავას აქვს ბევრი ინფორმაცია მის აგენტობასა და პროვოკატორობასთან დაკავშირებით. ამ საქმესთან შეხება აქვს იმდენად, რამდენადაც ამ საქმეში მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელებული საგამოძიეობო მოქმედება, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი, არის პროვოკაცია და სხვა არაფერი,” – განაცხადა ადვოკატმა.

მეხრიშვილის თქმით, პროცესი გრძელდება და იკითხება ადვოკატი ლილი გელაშვილი.

ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე მუშაობდა საგამოძიებო უწყებების სასარგებლოდ და აგროვებდა ფარულ ჩანაწერებს სასულიერო პირების, ჟურნალისტებისა და ლგბტ ადამიანების საწინააღმდეგოდ.

ირაკლი ფირცხალავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე იყო. იგი დამნაშავედ ცნეს ,,კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე” ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი