ახალი ამბები

“კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

21 ივნისი, 2017 • 3884
“კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

მთავარი პროკურატურის ცნობით,  თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც “კორტების სპეცოპერაციისას” მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მსჯავრდებულები: ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, გრიგოლ კვინიკაძე და კახაბერ ნაკანი დამნაშავედ ცნეს.

“2006 წლის 2 მაისს, ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას“ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა ჩაიდინეს ჯგუფურად ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე- მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, და განზრახ უკანონო დაკავება. კერძოდ: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა  დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი. ამავე განაჩენით ი. ფირცხალავა გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში.

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი. ამავე განაჩენით გიორგი ცააძე გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში (მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას).

შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი – დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად  დაენიშნა  8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ უკანონო დაკავებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად  დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი