ახალი ამბებისამართალი

საია “პანორამა თბილისის” საქმეზე დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

22 ივნისი, 2017 • 7696
საია “პანორამა თბილისის” საქმეზე დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

დღეს, 22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე, მოპასუხეების სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. საია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა თანახმადაც, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის “სოლოლაკის ბაღების” და “სოლოლაკის მაღლობის” მშენებლობის ნებართვები გაიცა.

ასევე, საიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც საიას საჩივარი აღნიშნულ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით განუხილვევლად იქნა დატოვებული.

სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე, ზეპირი მოსმენით, საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში მათი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

როგორც მოსამართლემ განმარტა, გასაჩივრებული აქტების შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს ერთი წლის შემდგომ (2016 წლის ივნისი), ნაცვლად კანონით დადგენილი ერთი თვისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რჩება წარმოებაში და საქმის განხილვა გაგრძელდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში.

საიას იურისტის, სულხან სალაძის განცხადებით, სასამართლომ მოპასუხე მხარეების აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო შუამდგომლობა გაიზიარა, რომ უნდა შეწყვეტილიყო დავა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგანაც გასული იყო ხანდაზმულობის ვადა:

“თუმცა ჩვენ გვქონდა სრული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულელები, შესაბამისი თარიღებითა და ვადების მითითებით, თუ რატომ წარმოგვეშვა გასაჩივრების უფლება სწორედ იმ დროს, როდესაც ჩაგვბარდა ის კონკრეტული რუკა, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ იყო გაცემული; ამ ნაწილში სასამართლომ ჩათვალა, რომ თურმე მოსარჩელე მხარეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა. ცხადია, არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ამ პოზიციაში. როგორც კი ჩაგვბარდება სასამართლოს განჩინება, სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ აუცილებლად ამ განჩინებას.”

მისი თქმით, საქმე ნახევარ წელზე მეტია იწელება, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესი იყო შეჩერებული, ხოლო პარალელურად, არ გაჩერებულა და კვლავ მიდის “პანორამა თბილისის” მშენებლობა.

“დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ამ მართლმსაჯულების სისტემაში ეფექტურად ვერ ვიცავთ ჩვენს უფლებებს არსუბული კანონმდებლობიდან გამომდინარე. სინამდვილეში, პრაქტიკულად, ის უკანონო აქტები, რომლებიც გამოცემულია 2015 წელს, დღემდე არის ძალაში და, სამწუხაროდ, კომპანია დღემდე აგრძელებს სამუშაოებს,” – ამბობს სალაძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები და პანორამა თბილისის პრპექტში შამავალი მშენებლობები. წყარო: ორგანიზაცია "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" კვლევა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები და პანორამა თბილისის პრპექტში შამავალი მშენებლობები. წყარო: ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” კვლევა.

როგორც საიას იურისტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, საიას აქვს სხვა პროცესუალური საშუალება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მაინც სცადოს დავის თავიდან დაწყება:

“ჩვენი დავის გარდა, კიდევ არის ჩვენი პარტნიორების სხვა დავები სხვადასხვა სასამართლოებში “პანორამა თბილისის” საქმეზე. ასე რომ, რეალურად, ბევრი არაფერი იცვლება. ერთადერთი, სასამართლო დღეს ხელს უწყობს კომპანიას და ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ მოიგონ დრო. როგორც კი ჩაგვბარდება, 12 დღეში გავასაჩივრებთ სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განჩინებას.”

მოპასუხე მხარე პროცესზე აპელირებდა იმ გარემოებით, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან მოსარჩელე მხარის მიერ ვადაში არ გასაჩივრდა თავის დროზე მიღებული აქტები.

“სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, განეხილა საიას მოთხოვნა და მიეღო სხვა გადაწყვეტილება. მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმის წარმოება. მოსარჩელეები აპირებენ სააპელაციოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად, მივხვდებით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველმა ინსტანციამ,” – განაცხადა პროცესის შემდეგ კომპანია “სოლოლაკი ჰილზისა” და “სოლოლაკი რაიზის” წარმომადგენელმა, ალა კახნიაურმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს კომპანიის გარდა მოპასუხეთა მხრიდან ესწრებოდნენ თბილისის მერიის აქტიტექტურის სამსახურისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.

აქცია -არა პანორამას ფოტო: ნინა კოპალეიშვილი

აქცია -არა პანორამას ფოტო: ნინა კოპალეიშვილი

პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი