პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩია

დღეს, 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი არამოსამართლე წევრი აირჩია. ესენი არიან: ნაზი ჯანეზაშვილი (108 ხმა), ირმა გელაშვილი (100 ხმა), ლევან გზირიშვილი (93 ხმა) და ზაზა ხარებავა (84 ხმა)

ირმა გელაშვილი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოსტზე “საქართველოს უნივერსიტეტმა” წარუდგინა. იგი ამავე უნივერსიტეტის პრიფესორია, ასევე ასწავლის რამდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც. ირმა გელაშვილი 2015-2016 წლებში “გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” ადმონისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ირმა გელაშვილს გუშინ, 20 ივნისს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ვკითხეთ, არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა მხარს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას. მან გვიპასუხამ რომ არ იცნობს საქმის გარემოებებსა და დეტალებს ისე, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლოს.

ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ ამავე კითხვაზე გვიპასუხა, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რადგან ფიქრობს, რომ მურუსიძე “არ არის წარმატებული მოსამართლე და არ იყო საბჭოს წარმატებული მდივანი”.

ნაზი ჯანეზაშვილი “მოსამართლეთა ერთობის” ყოფილი დირექტორია, ხოლო 2017 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრის სამართლებრივი მკვლევარი იყო.

 

ლევან გზირიშვილი ამ თანამდებობაზე პარლამენტს ა(ა)იპ “დემოკრატიის ინსტიტუტმა” წარუდგინა. ლევან გზირიშვილი ყოფილი დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორია. იგი 2004-2008 წლებში კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 1999-2003 წლებში მცხეთის რაიონული სასამართლსო თავმჯდომარე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

ზაზა ხარებავა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, “აფხაზეთის” მიერ არის წარდგენილი. როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის CV-ში წერია, იგი 2012-2017 წლებში კომპანია “ქართულ გრანიტში” მუშაობდა, ხოლო 2009 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. 1999-2009 წლებში იგი სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემდე იყო, 1994-1999 წლებში კი – ამავე სასამართლოს აღმასრულებელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ოთხ ვაკანტურ კანდიდატურაზე ვაკანსია 34 კანდიდატს ჰქონდა შემოტანილი.

კენჭისყრის დაწყებამდე “ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას. ფრაქციის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილი არის “სამოქალაქო სექტორიდან, არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა როგორ უნდა გაუმჯობესდეს გარკვეულ წილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა”.

ახლადარჩეული  კანდიდატები ჩაანაცვლებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წვრს: ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს.

ევა გოცირიძე – ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ მოსამართლეთა კრიტიკაზე სანქციები დაწესებულიყო. ევა გოცირიძიე ასევე იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოდან, თუმცა, ევროპის საბჭომ საერთოდ ჩააგდო საქართველოიდან წარდგენილი სამკაციანი სია. ევა გოცირიძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მობილიზებული იყვნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვიდრე პარლამენტი 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნავდა, ვა გოცირიძე სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ასევე და დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით.

ვახტანგ თორდია – ასევე 2013 წლიდან არის იუსტიციის საბჭოს წევრი. მან, ისევე როგორც ევა გოცირიძემ, მხარი დაუჭირა მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლოს თავმჯდომარედ გამწესებას, ასვე ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში.

ვახტანგ თორდია 2005 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ. იგი 1997-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იმავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი. 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ასრულებდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. 2006-2009 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

 

კახა სოფრომაძე – თორდიასა და გოცირიძის მსგავსად, კახა სოფრომაძემაც მხარი დაუჭირა მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას და მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას.

კახა სოფრმაძე 2002-2005 წლებში იყო “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარე და წევრი. 2008-2013 წლებში იყო “სამხარაძე პაქსაძე სოფრომაძე და პარტნიორების” დამფუძნებელი და ადვოკატი.

გოჩა მამულაშვილი – საბჭოს არამოსამართლე წევრია, რომელიც დანარჩენ სამ წევრთან ერთად პარლამენტმა 2013 წელს აირჩია. მამულაშვილს მონაწილეობა არ მიუღია მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დასანიშნად გამართულ კენჭისყრაში.

გოჩა მამულაშვილი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული და არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი