ახალი ამბები

აჭარის ახალი პროკურორი გამოწვევების წინაშე

22 ნოემბერი, 2012 • 3661
აჭარის ახალი პროკურორი გამოწვევების წინაშე


ლევან გზირიშვილი
ლევან გზირიშვილი

ბატონო ლევან, თქვენ ამბობთ, რომ დაწერეთ განცხადება და ასე დაგნიშნეს პროკურორად. რა გეწერათ განცხადებაში აჭარაში გინდოდათ პროკურორობა?

 

აჭარა ნამდვილად არ მეწერა. მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლა ვნახე, რომელმაც თქვა – გამოცდილ კადრებს, ვისაც აქვს მორალური უფლება, კომპეტენცია და სურს პროკურატურის სისტემაში მუშაობა, ცვ-ი მოგვაწოდოსო. ჩემი მონაცემები გავაგზავნე. მთავარმა პროკურორმა მითხრა, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვას კარგი გამოხმაურება ჰქონდა. არჩევანი აჭარაზე იმ მოტივით შეჩერდა, რომ მე აჭარელი არ ვიყავი. 

 

                    

აჭარასთან შეხების არქონა აუცილებელი კრიტერიუმი იყო?

 

ვერ გეტყვით, ჩემთვის ეს არ განუმარტავთ. მე მკითხეს, რა შეხება მქონდა აჭარასთან. ვთქვი, რომ შეხება არ მქონია – არც ნათესავები მყავს, არც მეგობრები.

 

 

პოლიტიკური გუნდის წევრი იყავით?

 

არა. როცა ირაკლი ალასანიას პარტია შეიქმნა, 300 დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი ვიყავი. მე არ ვაქტიურობდი. შეხვედრებზე, როცა იყო გასვლის მოწოდება, მივდიოდი ოჯახის წევრებთან ერთად… მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა არ მქონია.

 

 

აქ სად ცხოვრობთ, სახელმწიფო კუთვნილ შენობაში, თუ სახლი გაქვთ?

 

აქ არის სამსახურებრივი ბინა, სადაც ჩემი წინამორბედი პროკურორიც ცხოვრობდა.

 

 

თქვენი წინამორბედი პროკურორი გოჩა ფარულავა ახლახან პროკურატურაში ერთერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. გქონდათ მასთან შეხვედრა და რა რეკომენდაციები მოგცათ?

 

მე მას ვიცნობდი 1991 წლიდან, მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების პროკურორად გადამიყვანეს, იქ ის ერთ-ერთი დამწყები გამომძიებელი იყო. ახლა გვქონდა გადაბარებასთან დაკავშირებით შეხება, სხვა არაფერი.

 

 

გახმაურებულ საქმეებზე მინდა გკითხოთ. 2011 წლის 21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციის დარბევის შემდეგ შვიდი პიროვნება დააკავეს. თუ დადასტურდა, რომ ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, თქვენი პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება?

 

მე ვერაფერს დავმალავ. თუ დადასტურდა, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან, რომც არ მინდოდეს, ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გასარკვევია, რა ზღვარზე და რა ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი იქნება თუ დისციპლინარული, სასამართლო დაადგენს.

 

2007 წლის 8 ნოემბრის საქმე მაგიდაზე მიდევს, ანუ საკითხი ზოგადად მომახსენეს. საქმე აღძრულია კონკრეტული პიროვნების სხეულის მსუბუქი დაზიანების ფაქტზე და ეს საქმე შეწყვეტილია.

 

 

საქმეში აქციის დარბევის ორგანიზატორის, ახლანდელი კრიმინალური პოლიციის უფროსის დავით ბედიას როლზე თუ წერია რამე?

 

რომ შევისწავლი საქმეს, მერე ვნახოთ. ისე, დაზიანების ფაქტი მძიმე დანაშაულად არ ითვლება.

 

 

ანუ თავად დარბევის თაობაზე საქმე არ ყოფილა აღძრული?

 

დარბევის ფაქტი ამ საქმის მასალებიდან არ ჩანს. სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე წარმოებს გამოძიება ღოღობერიძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, მხოლოდ სხეულის დაზიანებაზეა საუბარი. ვიკითხე დარბევის საქმის შესახებ და მითხრეს, რომ ასეთი საქმე არ არსებობს. კარგი იქნება, თუ შემოვა განცხადება, აუცილებლად გვექნება მასზე რეაქცია.

 

 

აბაშიძისა და შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს სააკაშვილის ხელისუფლებამ ქონება ჩამოართვა. საზოგადოების მაშინდელი განწყობით, ეს სამართლიანი იყო, რადგან მათ თანამდებობაზე ყოფნის დროს უკანონოდ დააგროვეს ქონება. ახლა ამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ჩამორთმეულ ქონებას დაიბრუნებენ. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ პროცესთან დაკავშირებით.

 

როგორც ვიცი, ქონების უკანონობა დოკუმენტებით დადასტურდა, ამ შემთხვევაში, ალბათ, ამ დოკუმენტების კანონიერება გახდება შესამოწმებელი. საქმეში ჩახედული არ ვარ. ქონებას ართმევდნენ პრეზიდენტის გამოცემული ნორმატიული აქტით, ამ დოკუმენტის კანონიერება იქნება შესამოწმებელი, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება.

 

 

აჭარის პროკურატურის თანამშრომლების ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებდა სასამართლო. თქვენთვის ამ ადამიანებთან ერთად საქმიანობის გაგრძელება რამდენად მისაღებია?

 

ასე ცალსახად პროკურატურის მუშაკებზე ვერ მიიღებთ ჩემგან პასუხს, მე ამის საფუძველი არ მაქვს – აქ მოსვლამდე არც ერთს არ ვიცნობდი. ერთიცაა, ძალიან რთულია სისტემაში ყველაფრის ერთბაშად და უცბად შეცვლა. 

 

მთავარი პროკურორი თვლის და მეც ვეთანხმები, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი პროკურორები – ოლქისა და ქვემოთ, უპირობოდ უნდა შეიცვალონ, დანარჩენი ინდივიდუალურია, თორემ აღარ დარჩება ის მუშაკი, რომელსაც გამოძიება ეცოდინება, დარჩებიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფუნქციას ვერ შეასრულებენ. კარგი  გამომძიებლის ჩამოყალიბებას, ისე როგორც პროკურორისა და ოპერატიული მუშაკის, წლები უნდა. ყველას დათხოვნის მომხრე არ ვარ, თუმცა ვისაც დარღვევა აქვს, ის უნდა დაისაჯოს.

 

 

მოადგილეები თუ დაგინიშნეს, ან ბათუმის პროკურორი თუ დანიშნეს?

 

 არა, ეს პროცესი მიმდინარეობს და მალე გახდება მათი ვინაობა ცნობილი.

 

 

ხომ არ გიკითხავ, რამდენი საქმეა თქვენს პროკურატურაში თაროზე შემოდებული?

 

მე ჯერ დავინტერესდი იმ საქმეებით, რომლებიც სასამართლოშია წარმართული. შესაბამისად, ამ საქმეების განხილვაზე ვმუშაობთ. შემდეგ ყველაფერს პარალელურ რეჟიმში მივხედავთ.

 

 

თქვენი აზრი მაინტერესებს მოსმენებთან დაკავშირებით, რასაც აქამდე პროკურატურა წარმატებით იყენებდა. როგორ აპირებთ ამაზე უარის თქმას?

 

მე ვეღარ ვუყურებ ტელევიზორს, მაგრამ ახლა სწორედ იმ ხალხს აპატიმრებენ, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული. ეს არა ბათუმის პროკურატურის, არამედ ქვეყნის პრობლემაა.

 

 

რამდენი გამომძიებელი თანამშრომელი გყავთ?

 

აქ არის 14 მუშაკი, გვაქვს გამომძიებლის ვაკანსიებიც, ორი პროკურორის… ბათუმის პროკურატურაში 9 ოპერატიული მუშაკია, სამი თუ ოთხი ხელვაჩაურში. ოზურგეთიც შემოდის, იქაც 9-10 მუშაკია. საქმის დატვირთვიდან გამომდინარე დავარეგულირებთ მათ რაოდენობას.

 

 

ხელფასი რამდენი გაქვთ და თუ აპირებთ ყოველთვიურად პრემიის აღებას?

 

პრემიებს ჩვენ ვერც ავიღებთ და არც ავიღებთ. ხელფასი მაქვს დარიცხვით 2900 ლარი, რასაც გამოაკლდება საშემოსავლო.

 

 

აქ ვისთან ერთად ჩამოხვედით?

 

შვილები თბილისში არიან. მეუღლე ექიმი-კარდიოლოგია, მუშაობს კასპში, პარალელურად სოფლის ექიმია. კასპიდან ვარ წარმოშობით. შვილები მაგისტრები არიან და ორივე კერძო ფირმაში მუშაობს იურისტად. ისინი 4-5 წლის წინ დასაქმდნენ, მაშინ მე უმუშევარი ვიყავი.

 

 

ბოლო წლებში გაჩნდა განცდა, რომ ძალოვანი უწყების პირველ პირებად არ ნიშნავენ ადგილობრივ კადრებს, ანუ მათ არ ენდობიან. თქვენ ხედავთ ამას პრობლემად?

 

 

ვერ გეტყვით ეს რასთან არის დაკავშირებული. თავის დროზე, როცა კასპის რაიონის პროკურორად დამნიშნეს, მკითხეს გამიჭირდებოდა თუ არა მუშაობა. ვუთხარი, რომ გამიჭირდება-მეთქი. სხვა ამბავია ამ „გამიჭირდებას“ რამდენად გადალახავ და რამდენად შეძლებ შენი ფუნქციის შესრულებას… მე, ალბათ, ვიქნები იმ პოლიტიკის გამტარებელი, რომ სისტემაში მაქსიმალურად დასაქმდნენ ადგილობრივი კვალიფიციური კადრები, სადაც ეს შესაძლებელია.

 

 

აჭარის პოლიციის სამმართველოს ახალ უფროსს, ვალერი თელიას თუ იცნობთ?

 

ვერ შევხვდით, სატელეფონო მილოცვა გვქონდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი