ახალი ამბები

დაუჭერთ მხარს მურუსიძის უვადოდ დანიშვნას? – რა პასუხი აქვთ საბჭოს წევრობის კანდიდატებს [ვიდეო]

20 ივნისი, 2017 • 4838
დაუჭერთ მხარს მურუსიძის უვადოდ დანიშვნას? – რა პასუხი აქვთ საბჭოს წევრობის კანდიდატებს [ვიდეო]

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ნაწილს, რომლებიც დღეს, 20 ივნისს, საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ, ნეტგაზეთმა ჰკითხა, არჩევის შემთხვევაში, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესებას.

34 კანდიდატიდან საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე 18 მათგანი გამოცხადდა. მათ შორის შეხვედრაზე არ მოსულა, ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც აუდიტის სამსახურის მაღალჩინოსანი – პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსია.

შეხვედრის დაწყებამდე ნეტგაზეთმა კანდიდატების ნახევართან მოახერხა გასაუბრება. თითოეულ მათგანს დავუსვით შეკითხვა, რას ფიქრობენ, დაუჭერენ თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივნის, ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას სასამართლო სისტემაში.

სამმა კანდიდატმა, სულხან ონიანმა, ვალერიან გავაშელმა და თამაზ კაპანაძემ საერთოდ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ერთ-ერთმა მათგანმა, თამაზ კაპანაძემ განგვიცხადა, რომ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, თუკი პარლამენტი დანიშნავს. კაპანაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ კანდიდატები ჟურნალისტებმა კი არა, პარლამენტარებმა უნდა განსაჯონ. თამაზ კაპანაძე 1991 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოსამართლედ მუშაობდა.

ჩვენთან საუბრისას კომენტარის გაკეთება ასევე არ ისურვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაღალჩინოსანმა, ვალერიან გავაშელმა. ვალერიან გავაშელი 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტის უფროსია. 2005-2010 წლებში გავაშელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური აპარატის უფროსი იყო, ხოლო 2011-2012 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2012 წლის მაისიდან სექტემბრამდე ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, შემდეგ კი კვლავ სასამართლო სისტემაში დაბრუნდა.

რამდენიმე კანდიდატმა განაცხადა, რომ მოგვიანებით გვესაუბრებიან, ექვს კანდიდატთან კი გასაუბრება შევძელით.

მათგან, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რადგან ფიქრობს, რომ მურუსიძე “არ არის წარმატებული მოსამართლე და არ იყო საბჭოს წარმატებული მდივანი”. სხვა კანდიდატები ძირითადად ამბობდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ ისაუბრებენ. ნაზი ჯანეზაშვილი “მოსამართლეთა ერთობის” ყოფილი დირექტორია, ხოლო 2017 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრის სამართლებრივი მკვლევარი იყო.

მაგალითად, ირაკლი დვალიძემ გვითხრა, რომ “როდესაც ადამიანი გამწესდება თანამდებობაზე, იქიდან დანახული ცოტა სხვანაირია” და საჯარო მოხელემ ფაქტები უნდა შეისწავლოს. ირაკლი დვალიძე თსუ-ის ასოცირებული პროფესორია.

2015 წლიდან დღემდე საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს წევრად მუშაობს იურისტი ამირან ზენაიშვილი, რომელმაც უარი გვითხრა, ეპასუხა კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი