ჰერბერტ ზალბერი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ცხინვალში ზალბერის მილოცვას “დიპლომატიურ თავაზიანობად” აფასებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება ევროკავშირიდან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის მილოცვასთან დაკავშირებულ რეაქციას ქართულ მხრიდან.

“სკანდალი, რომელიც საქართველოში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ცხინვალში ვიზიტს  მოჰყვა, მხოლოდ დაბნეულობასა და მორიგ იმედგაცრუებას იწვევს იმ პრიორიტეტების გამო, რომელზეც დაფუძნებულია სამხრეთ ოსეთის მიმართ ქართული პოლიტიკა”.

ცხინვალში აცხადებენ, რომ ანატოლი ბიბილოვისთვის მილოცვა “ზალბერის მხრიდან გამოვლენილი დიპლომატიური თავაზიანობა იყო, რომელიც საქართველოში ლამის ევროკავშირის მხრიდან მისი ინტერესების ღალატად იყო აღქმული”.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეოში აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯებით ქართული მხარე ბოროტად იყენებს საერთაშორისო არენაზე მისი ინტერესების უსიტყვო მხარდაჭერას და ამას მათგანაც მოითხოვს, ვისაც ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს მხარეთა ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ მსგავსი განწყობა, რაც ოფიციალურ თბილისს გააჩნია სამხრეთ ოსეთის მიმართ და წლებია გრძელდება, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებში არსებულ გადაუჭრელ საკითხებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე არჩევნების პროცესებამდე და მის შემდეგაც ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი