აქცია ფასანაურში ელექტროგადამცემი ბოძების წინააღდეგ. ფოტო: ეთუნა კეკიშვილი

ფასანაურის მოსახლეობამ კალაძის განცხადება პირად შეურაცხყოფად მიიღო

ფასანაურის, ხანდოს და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობამ, რომელიც თვეზე მეტია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას პირად შეურაცხყოფად მიიღო.

ენერგეტიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებს მოსახლეობას ფასანაურში, სადაც გუშინ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა, რომელიც შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გუშინდელი აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისას საერთოდ არ იცოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” არსებობის შესახებ. ადგილობრივების განცხადებით, საფრთხე თავად დაინახეს და ამიღეს ხმა.

“პირადად მე ერთ–ერთ ტელესიუჟეტში გავიგე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გვითხრა, საშიშიაო, ეს არის ტყუილი. ჩვენ თვითონ მოვიძიეთ ინფორმაცია, კვლევები დევს ინტერნეტში ამ გამოსხივებასთან დაკავშირებით. საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც უფრო დაბალ ძაბვას ლეიკემია გამოუწვევია. რად გვინდოდა ვინმეს თქმა? მეწყერების საშიშროებას, კიდევ, აქაურზე უკეთ ვინ შეაფასებს… კალაძის განცხადება, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად აქცია გავმართოთ, არის ადგილობრივების შეურაცხყოფა,” – ამბობს ფასანაურის მკვიდრი, ეთუნა კეკიშვილი.

საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი, ბადრი დავითური ენერგეტიკის მინისტრს მატყუარასა და ორგულს უწოდებს. მისი თქმით, ადგილობრივები უკან დახევას არ აპირებენ:

“კახა კალაძე არის მატყუარა და ორგული. უნდა იცოდეს, რომ მისამართი შეეშალა და მთის ხალხთან გოლებს ვერ გაიტანს. კეთილი რჩევა მაქვს მისთვის: საცვლების რეკლამირება უკეთ გამოსდის, ვიდრე პოლიტიკა, და ჯობია, დაანებოს თავი ამ საქმეს. რომელს გვეტყობა, სამართავი გვჭირდეს რამე? სულელებს ვგავართ? თუ არ შეაჩერებს ამ პროექტს და ხალხს არ მოუსმენს, პირადად მისი დამსახურება იქნება ნამდვილი ბუნტი და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის.”

გუშინ ხანდოს ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 ადგილობრივი დააკავა, ხოლო დღეს ისინი 400–400-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ერთ–ერთი პოლიციელის ქმედებამ გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება.

ფასანაურის, ხანდოს და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა კვლავ აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას. მათი თქმით, დაწყებულ ბრძოლას ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დასახლებული პუნქტიდან მოშორების მოთხოვნით ბოლომდე მიიყვანენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.