ახალი ამბებისამართალი

მოსამართლემ დეკანოზ მამალაძის სასამართლო სხდომა დახურა

5 მაისი, 2017 • 7665
მოსამართლემ დეკანოზ მამალაძის სასამართლო სხდომა დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სრულად დახურა წინასასამართლო სხდომა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმე განიხილება.

მოსამართლის თქმით, სხდომის საჯაროდ წარმართვისას, შესაძლოა, პერონალური მონაცემები, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გამჟღავნდეს. ამას გარდა, მტკიცებებულებები მოიცავს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს კონკრეტული პირების შესახებ პირად ინფორმაციას.

ამას გარდა, მოსამართლის განცხადებით, მუქარის ზარი იყო ბრალდების მოწმმის მიმართ. ამ საფუძვლებზე მითითებით სხდომა სრულად დაიხურა.

დღეს, 5 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონიამ დაიწყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა. მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, ასევე, საპატრიარქო, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია და რომ ციანიდის მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი