ახალი ამბები

კობახიძე: საარჩევნო სამართალში პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი

2 მაისი, 2017 • 1504
კობახიძე: საარჩევნო სამართალში პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემებზე საუბრისას ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალიზმის ბალანსი, რასაც უზრუნველყოფს მათ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული პროექტით, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს.

“რა თქმა უნდა, ეს გარკეული დოზით ზღუდავს პრიპორციულობის პრინციპს, თუმცა, თავისთავად, ეს შეზღუდვა არის ლეგიტიმური, ანუ პროპორციულობა არ ნიშნავს სამართლიანობას. რა თქმა უნდა, არის პროპორციულობის პრინციპის შეზღუდვა, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ლეგიტიმური შეზღუდვა ამ პრინციპის. საუბარია მინიმალურ დანამატზე, რომელიც ენიჭება გამარჯვებულ პარტიას. ეს არ არის გადამწყვეტი დისპროპორცია, რომელმაც პრინციპულად შეიძლება მიაყენოს ჩრდილი პროპორციის პრინციპს.

ზოგადად, პრინციპი – მოგებულს მიაქვს ყველაფერი – არის აღიარებული ლეგიტიმურ პრინციპად საარჩევნო სამართალში და ეს პრინციპი სხვადასხვანაირად არის გამოხატული სხვადასხვა სისტემაში. მაგალითად, აშშ-ში პრიზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო ბოლო არჩევნებში 46% და მან წაიღო მთელი ძალაუფლება, ანუ 54% დარჩა ძალაუფლებაზე ზემოქმედების მინიმალური ბერკეტით. ეს არის “მოგებულს მიაქვს ყველაფერი” პრინციპი, რომელიც გარკეულ სისტემებში, მაგალითად, აშშ-ში არის ძალიან მაღალი დოზით გარანტირებული. ჩვენს შემთხვევაში, საუბარია ამ პრინციპის მინიმალური დოზით წარმოდგენაზე საარჩევნო სისტემაში. საუბარია 3-5%-ზე,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით,  ტოლობის ნიშანი პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არსებობს:

“აღიარებული პრინციპია საარჩევნო სამართალში, რომ პროპორციულობასა და სამართიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი. არის გარკვეული შეზღუდები პროპორციულობის კუთხით, რაც, არის არა მარტო ლეგიტიმური, არამედ სწორიც, საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების დროს,”- განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი