ახალი ამბები

კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, ზოგიერთ სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება აქვს განზრახული

10 აპრილი, 2017 • 1487
კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, ზოგიერთ სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება აქვს განზრახული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავდა ზოგიერთი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 აპრილს, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

“გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება. რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს განზრახული შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც დავიწყეთ ჩვენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს. საბოლოო შედეგი ამ მუშაობის იქნება ძალიან  დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება,”- განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებების სრული ტექსტი კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე გაეგზავნათ. ნეტგაზეთთან პარლამენტის პრესსამსახურში განანცხადეს, რომ ეს ტექსტი მედიისთვის ჯერჯერობით საჯარო არ არის.

“ვფიქრობ, ეს ტექსტი ცხდყოფს ჩვენი მუშაობის ეფექტურობას. ჩვენ, რეალურად, ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით, ისეთი კონტიტუციით, რომელიც  არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, და ისეთ კონსტიტუციით, რომელიც ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი