ირაკლი კობახიძე კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

ირაკლი კობახიძე: გულითადად ვწუხვარ სტოქჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტოკლჰომში მომხდარ ტერაქტს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს:

“გულითადად ვწუხვარ დღეს სტოქჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ, ნათლად გვანახებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და მისი შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც თანაბარ საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას – მიუხედავად მისი მდებარეობისა, განვითარებისა და ცხოვრების დონისა. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ შვედ ხალხს და ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროს თითოეულ შვილს, რომელიც შეძრა ამ ტრაგედიამ,” – აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით, სტოკჰოლმში, დროტნინგატანის ქუჩაზე, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა და პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა.

“გარდიანის” ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. მათივე ცნობით, ავტომობილი სავაჭრო ცენტრს შეეჯახა.  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის თავდასხმა ქვეყანაზე და აღნიშნა, რომ “ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ტერორისტული აქტი”. მისივე თქმით, დაკავებულია ერთი პირი, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.