ახალი ამბები

შსს-მ უცხოელი პასუხისგებაში მისცა, თუმცა მისი ცემის შესახებ გამოძიება არ დაიწყო

24 მარტი, 2017 • 4304
შსს-მ უცხოელი პასუხისგებაში მისცა, თუმცა მისი ცემის შესახებ გამოძიება არ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული წესით დევნა დაიწყო, რომელიც საბოლოოდ სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა. თუმცა მისი ცემის შესახებ გავრცელებულ ვიზუალურ მასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

“გამოძახების შემდეგ საპატრულო პოლიცია ადგილზე გამოცხადდა, პიროვნება ნასვამი იყო, საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, როგორც წესია, გადავიყვანეთ სასამართლოში, რომელმაც ეს ფაქტი კანონდარღვევად ჩათვალა და პირი დააჯარიმა”,- აცხადებენ შსს-ში.

სასამართლოს მიერ დაჯარიმებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ფოტო დღის ბოლოს გაერთიანება “ქართულმა ძალამ” გაავრცელა. ფოტოზე ასახული ადამიანი ნაცემია და მის ცემას ის წარწერაც ადასტურებს, რაც გამოქვეყნებულ ფოტოს თან ახლავს. [თუმცა ფოტოს ავთენტურობა დადასტურებული არაა] “ქართული ძალა” ნაციონალისტური გაერთიანებაა, რომელიც თურქოფობიული განწყობებით გამოირჩევა. გაერთიანების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირის ცემის ფაქტის შესახებ გამოძიება უწყებას არ დაუწყია:

“აღნიშნულ პიროვნებას არც ჩვენთან და არც სასამართლოში [ცემის შესახებ] არაფერი უთქვამს. არ არსებობს ეს [ცემა], მოსამართლეს რომ არ შეენიშნა და იკითხავდა. არსად არაა დაფიქსირებული ამ პიროვნებისგან პრეტენზია, რომ მას ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სცემა ან სხვა”,- აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა რეაგირებას შსს-ს “ქართული ძალის” მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც დანაშაული ჩადენაზე და პირის ცემაზეა საუბარი, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ მხრივ ნებისმიერ განახლებულ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი