აუტიზმის მქონე ბავშვების აქცია მერიასთან. 20.03.2017. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

“1 თვის პრემია=290 ბავშვის რეაბილიტაციას” – აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ამის გამო მშობლები დღეს, 20 მარტს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. როგორც ორგანიზაცია ” ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე ამბობს, თუ ნარმანია მათ არ შეხვდება, ტერიტორიას არ დატოვებენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

დადგენილება, რომელიც პროტესტის საფუძველი გახდა, თბილისი საკრებულომ 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო. დადგენილების მეორე მუხლი ამბობს, რომ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული.

რადგან თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ გადმოეწერნენ, მარი კორკოტაძე ამბობს, რომ 36 ასეთი ბავშვია დღეს, რომელიც დადგენილების ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს . მშობლები ითხოვენ, რომ ეს 36 ბავშვი მაინც დაეფინანსებინათ, რაც წლიურად 140 000 ლარი ჯდება.

მშობლებს თბილისის მერიიდან გამოეხმაურნენ და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა მშობლები მერის გარდა სხვა პირთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

აუტიზმის მქონე ბავშვების აქცია მერიასთან. 20.03.2017. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

აუტიზმის მქონე ბავშვების აქცია მერიასთან. 20.03.2017. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com