ახალი ამბები

პრემიერი არამხოლოდ ვანდალების დასჯას, არამედ წამქეზებლების გამოვლენასაც ითხოვს

12 მარტი, 2017 • 2019
პრემიერი არამხოლოდ ვანდალების დასჯას, არამედ წამქეზებლების გამოვლენასაც ითხოვს

“მივხედოთ დაშავებულებს და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოუწყოს ვინმემ იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით: მე თუ არ ვარ ხელისუფლებაშ ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს დესტრუქციულ ძალად, რომელსაც ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრთან, აჭარის მთავრობის მეთაურთან და დეპუტატებთან ერთად ბათუმში გამართულ თათბირზე.

“მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანს, რომელიც არეულობის გამოწვევისთვის ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რომ მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს,  გზა ჩავუკეტოთ ყველანიარად… კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მკაცრად”, – თქვა პრემიერმა.

მან გუშინ ბათუმში მომხდარი არეულობა შეაფასა და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი გმირობისა და თავშეკავებული მოქმედებებისათვის.

 “ის, რაც მოხდა, მე მგონი კარგადაა შესაფასებელი. მგონია, რომ წუხანდელი ღამე ძალიან სწორად გავაირეთ. სამართალდამცველებმა შეძლეს, რომ ზუსტად ემოქმედათ. ახლა საჭიროა წესრიგის შენარჩუნება ასევე იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ საღამოს და ღამის განმავლობაში ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. იმ ადმაინებს, რომლებიც გუშინ ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდნენ ჩვენ, ცხადია, უნდა ავუნაზღაუროთ, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში. ვფიქრობ, რომ ყველას კომპლექსური მოქმედება გვმართებს. სამართალდამცველებმა უნდა გააგრძელონ წესრიგის დაცვა. ბატონმა ზურაბმა [პატარიძე] მაქსიმალურად უნდა იმუშაოს შიგნით პოლიტიკოსებთან იმისათვის, რომ სტაბილურობის მისაღწევად კონსოლიდაცია განხორციელდეს. გამოძიება უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ [გამოვლიდნენ] არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოიყენეს ამ ვანდალური ქმედებებისთვის, არამედ ისინიც, ვინც მათ აქეზებდნენ, ისინი უნდა გამოვავლინოთ. თითოეული მათგანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და განხორციელდეს პრევენცია იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”, – თქვა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი