პარლამენტის სხდომა

დღეს პარლამენტი ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის დაბრუნებაზე იმსჯელებს

დღეს, 9 მარტს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა 2015 წელს შექმნილი სააგენტოდან ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ცვლილებების პაკეტს მხარს ორი მიზეზის გამო უჭერს:

,,პირველი ის არის, რომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის პრობლემა აღმოფხვრილია და დღეს ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმია, როგორიც ქვეყანას სჭირდებოდა. მეორე, ვინაიდან საკითხი საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება, დიდი ხანია სამართლებრივ ჩიხშია შესული და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, რომ ფისკალურ და ფინანსურ სფეროში ამან რამე შეფერხებები არ გამოიწვიოს. ამ ორი არგუმენტის გამო მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას. ”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” აქვს უნიკალურად მავნებლური უნარი, რაღაც გააფუჭოს და შემდეგ თავისი სიტყვების და პოლიტიკის უკან წაღება შემოგვასაღოს, როგორც წინ გაადგმული ნაბიჯი:

“სინამდვილეში, ქვეყანამ  ინვესტორთა ნდობა დაკარგა.  ეს იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობის დაკარგვა, ეს აისახა  ლარს კურსის ვარდნაშიც, ფასების გაზრდაშიც და ეკონომიკური ზრდის შემცირებაშიც.  ამ ზიანს მხოლოდ ეს ნაბიჯი ვერ გამოასწორებს, არამედ  ხელისუფლების შეცვლა გამოასწორებს.”

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.  ამის შემდეგ, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2015 წლის 12 ოქტომბერს სასამართლომ  სარჩელი განსახილველად მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა.

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.